მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისი კაპიტალი": ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა გამომუშავების ზრდას აჭარბებს

5d406d6bf1fb9
დავით ჯალაღონია
30.07.19 20:15
790
„თიბისი კაპიტალმა“ 2019 წლის მდგომარეობით ელექტროენერგიის სექტორის შესახებ კვლევა ჩაატარა.

დოკუმენტის მიხედვით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში აჭარბებს გამომუშავების ზრდას, ხოლო ელექტროენერგიის დეფიციტმა, 2018 წლის მდგომარეობით 0.9 ტვტ. სთ-ს მიაღწია.

მოთხოვნა მზარდია 2019 წლის პირველ ნახევარშიც და შემცირებული გენერაციის ფონზე, წმინდა იმპორტი 0.4 ტვტ. სთ-მდე გაიზარდა, რაც 185%-ით მაღალია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება გენერაციას, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით მოქმედი ჰიდროსადგურების, თბოსადგურებისა და ქარის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 4,000 მგვტ-ს შეადგენს, მათი წლიური გამომუშავება 2018 წელს 12.1 ტვტ. სთ-ის ექვივალენტი იყო.

„თიბისი კაპიტალის“ მოლოდინით, მიმდინარე და დაგეგმილი ჰიდროსადგურების პროექტების დასრულების ფონზე, 2023 წლისათვის საქართველოში დადგმული სიმძლავრე 600 მგვტ-ით გაიზრდება, რაც დამატებით 2.3 ტვტ.სთ-ით გაზრდის ელექტროენერგიის გენერაციას. ამასთან, თბოსადგურების გამომუშავებასთან ერთად წლიური გენერაცია 14.8 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.

კვლევიდან ჩანს, რომ 2023 წლისათვის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე ელ.ენერგიის მოხმარება 28%-ით, 16.1 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.

„ტურიზმი ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2023 წლისთვის ელ. ენერგიაზე დეფიციტი 1.9 ტვტ. სთ-ს მიაღწევს. აღნიშნულის ფონზე, ზრდადი შიდა მოხმარების დასაბალანსებლად, საქართველოში დამატებით 1,000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურების დამონტაჟება გახდება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერია განახლებადი ენერგიის მაღალი წილით (78%). ტექნოლოგიებზე ფასების შემცირების ტრენდი მომავალში მზისა და ქარის ენერგიის ათვისებას შეუწყობს ხელს, რაც ჰიდროსადგურების ზრდასთან ერთად ელ. ენერგიაზე ზრდად მოთხოვნას დააბალანსებს. შედეგად, განახლებადი ენერგიის წილი ქვეყანაში გაიზრდება“, - ნათქვამია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები