მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისი კაპიტალი“ ინფლაციის პროგნოზს კვლავ 6%-მდე ზრდის - მაკროეკონომიკური მიმოხილვა

ინფლაცია

„თიბისი კაპიტალი“ ინფლაციის პროგნოზს კვლავ 6%-მდე ზრდის - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განახლებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა და უკვე ჩანს, რომ ინფლაციური რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ინფლაციის ახლო პერიოდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები კვლავ ნავთობისა და სურსათის ფასებია, რომლებზეც ივნისის წლიური 5.8%-იანი ინფლაციიდან ნახევარზე მეტი მოდიოდა (3.1 პროცენტული პუნქტი). ამ მხრივ, საერთაშორისო და ადგილობრივ ფასებს შორის კავშირი ისტორიულად მაღალია, განსაკუთრებით ნავთობის შემთხვევაში, სადაც ესკალაციის ეფექტი ადგილობრივ ბაზარზე უკვე შეიმჩნევა. ბენზინი, რომელიც თვის დასაწყისში მცირედით გაიაფდა, 20 ივლისიდან მსხვილ ქსელებში უკვე ისევ გაძვირდა. დამატებით ზეწოლაზე მიუთითებს საკვების ფასების გლობალური ზრდაც, თუმცა ამ არხიდან გადმოცემის მექანიზმი შედარებით გრძელვადიანია და ადგილობრივი მიწოდების ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.

მოცემული დინამიკის გათვალისწინებით, 2026 წლის ბოლოს თიბისი კაპიტალის ინფლაციის პროგნოზი 5.1%-დან კვლავ 6%-მდე იზრდება. შესაბამისად, პროგნოზი, ფაქტობრივად, უბრუნდება წინა სცენარს, რომელიც კონფლიქტის შედარებით ხანგრძლივ დონეზე შენარჩუნებისა და დეკემბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებებს ეყრდნობოდა. რადგან აღნიშნული წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობის გარკვეულწილად გაიაფებას მოიაზრებს, იმ შემთხვევაში, თუ ფასები უცვლელი დარჩება ან გაძვირდება, ინფლაციის პროგნოზი, შესაძლოა, დამატებით გაიზარდოს. მიმდინარე მდგომარეობით, ბირჟების მოლოდინებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მერყევია, ნავთობის მხრივ, დაახლოებით, მსგავს დინამიკას ითვალისწინებს“, - განმარტავენ მაკროეკონომიკური მიმოხილვის ავტორები.

„თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, ინფლაციის უფრო მაღალი პროგნოზი განაკვეთის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნების არგუმენტს აძლიერებს და რეფინანსირების განაკვეთის დამატებით ზრდასაც არ გამორიცხავენ.

„ამავე დროს, ინფლაციის უფრო ხისტი მაჩვენებლები მეტწილად ზომიერ წნეხზე მიუთითებს, ხოლო პოლიტიკის გადაწყვეტილებისთვის უფრო მნიშვნელოვანი საშუალოვადიანი პროგნოზია, ვიდრე მიმდინარე ტენდენციები. შესაბამისად, საბაზო სცენარად წლის ბოლომდე 8.25%-იანი განაკვეთი რჩება, თუმცა გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა, ვინაიდან სებ-მა 6 მაისს განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით სწორედ მსგავსი გარემოს საპასუხოდ გაზარდა. სებ-ის შემდეგი გადაწყვეტილება 29 ივლისს გახდება ცნობილი. გლობალური საპროცენტო გარემოც შედარებით მკაცრია, თუმცა მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად მაინც ადგილობრივი ინფლაციის პერსპექტივა რჩება“, - წერია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები