"თიბისი კაპიტალის" დირექტორი, ოთარ შარიქაძე გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განვითარებაზე საუბრობს. შარიქაძე აღნიშნავს, რომ "თიბისი კაპიტალი" მოელის, რომ კომპანიები უფრო მეტად დაინტერესდებიან 2-3 წელზე უფრო ხანგრძლივი კორპორაციული ობლიგაციების გამოშვებით. შარიქაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ტენდენცია ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებას და მასში საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს.
ამასთან, ოთარ შარიქაძე აღნიშნავს, რომ 2025 წლის მდგომარეობით, კორპორაციული სექტორის საკრედიტო პორტფელი ქვეყნის მშპ-სთან მიმართებით 35%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია. "თიბისი კაპიტალში" მოელიან, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მთლიან დაკრედიტებაში კორპორაციული სექტორის წილი მოიმატებს, ხოლო უშუალოდ ბიზნეს სესხებს შორის ობლიგაციების გამოშვება უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს.
"ობლიგაციების გამოშვება არის კომპანიებისთვის ფინანსების მოზიდვის ნაწილი. ყოველ წელს იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მიმართავენ ფინანსების მოზიდვისთვის.
კომპანია, რომელიც უშვებს ობლიგაციას არ იხდის ძირს ყოველკვარტალურად, ბანკის სესხისგან განსხვავებით, შესაბამისად თანხას სხვა პროექტებს ახმარს. კომპანიები დაფინანსების ამ გზას ხშირად ბანკის სესხის რეფინანსირებისთვის იყენებენ. შესაბამისად, დაფინანსების ეს გზა საკმაოდ საინტერესო ხდება. ძირითადად ვართ 2-3 წლიანი ფასიანი ქაღალდების რეჟიმში და იმედი გვაქვს, რომ უფრო გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების შეთავაზებებიც იქნება, რათა უფრო სხვა ტიპის ინვესტორებიც მოვიზიდოთ.
დიდი ფონდებისთვის 5-10 მილიონიან შეთავაზებებში მონაწილეობა არაა დიდად მიმზიდველი, რადგანაც მათ იმდენივე დრო უნდა დახარჯონ დიუ დილიჯენსზე, რამდენსაც აშშ-ში 150-200 მილიონიან განთავსებაზე დახარჯავდნენ.
ზოგმა ქართულმა კომპანიამ კი უკვე მიაღწია იმ მასშტაბებს, რომ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ევრობონდების ბაზარზე.
უნდა ვიფიქროთ ფონდების შექმნაზე, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას, მოვიზიდოთ საერთაშორისო დაფინანსება, რომელიც შემდეგ შედარებით მცირე განთავსებებზე მივმართოთ.
დღეს საქართველოს კორპორაციული დაკრედიტება მშპ-ის 35%-ის ტოლია. მსგავსია მაჩვენებელი ბალტიის ქვეყნებშიც, თუმცა უფრო მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კორპორაციული დაკრედიტება მშპ-ს გაცილებით მაღალ მაჩვენებელზეა. ხოლო თავად ამ კორპორაციულ დაკრედიტებაში, ობლიგაციებზე მოდის 7%, როდესაც 2018 წელს ეს 4% იყო. შესაბამისად, ამჟამად არის საშუალება რომ გავზარდოთ როგორც მთლიანად კორპორაციული დაკრედიტება და ის მშპ-ის 50% გახდეს, ასევე მოველით, რომ ობლიგაციების ზრდა უფრო მაღალი - 7%-ზე მეტი იქნება", - განმარტავს ოთარ შარიქაძე.




























