თიბისი ლიზინგმა CDP-ისგან 10 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი მოიზიდა, რაც იტალიის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის პირველი ინვესტიციაა საქართველოში. როგორც ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში თანამონაწილე მხარეები განმარტავენ, CDP-ის თიბისი ლიზინგში ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება კომპანიის მყარი ფინანსური მაჩვენებლების, საოპერაციო სიმძლავრისა და სტრატეგიული ხედვისადმი ნდობას ასახავს. ამასთან, ეს თანამშრომლობა ქმნის სტრატეგიულ გზას სხვა ქართულ კომპანიებისთვის, რომ მათაც შეძლონ CDP-ისგან დაფინანსების მოზიდვა, რაც თავის მხრივ გააძლიერებს ინვესტიციების ლანდშაფტს და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას.