მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისი უზბეკეთის" საკრედიტო პორტფელი $1 მილიარდს მიუახლოვდა

თიბისი უზბეკეთი

უზბეკეთის ბაზარზე TBC Bank-ის საკრედიტო პორტფელი უკვე $1 მილიარდიან ნიშნულს მიუახლოვდა. ბანკის მეოთხე კვარტალის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, TBC Uzbekistan-ის სასესხო პორტფელმა 2025 წლის ბოლოსთვის 2,550 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 45.1%-იანი ზრდაა.

ამავე პერიოდში დეპოზიტების პორტფელი 40.1%-ით გაიზარდა და 1,480 მილიონ ლარს გაუტოლდა. ორივე მაჩვენებელი ჯგუფის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა, რაც ბანკის თქმით, უზბეკეთის ბაზარზე ძლიერი მოთხოვნისა და სწრაფად მზარდი ციფრული ეკოსისტემის შედეგია.

ანგარიშის თანახმად, TBC Group PLC-ის ციფრული ეკოსისტემა უზბეკეთში კვლავ სწრაფად ფართოვდება. 2025 წლის ბოლოსთვის დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობამ 22.96 მილიონს მიაღწია, რაც 25%-ით მეტია 2024 წლის ბოლოსთან შედარებით. ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა (MAU) დაახლოებით 6 მილიონს შეადგენს.

საგადახდო მიმართულებაშიც მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: გაცემული Salom Card-ების რაოდენობამ 900 ათასს გადააჭარბა, ხოლო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პლატფორმის – Payme – მეშვეობით განხორციელებული გადახდების მოცულობა წლიურად 43%-ით გაიზარდა და 18.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა.

ბანკი აქტიურად ვითარდება ბიზნეს-საბანკო მიმართულებითაც. 2025 წლის განმავლობაში ამოქმედდა უზბეკეთის პირველი სრულად ციფრული მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროდუქტი, რამაც SME სეგმენტში ბანკის პოზიციების გაძლიერებას შეუწყო ხელი.

რაც შეეხება ფინანსურ შედეგებს, უზბეკეთის ბაზარზე წმინდა მოგებამ 31.7 მილიონი ლარი შეადგინა.

მაკროეკონომიკური გარემო

ბანკის შეფასებით, ბიზნესის ზრდას ხელს უწყობს უზბეკეთის ეკონომიკური დინამიკაც. 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპია. მხოლოდ მეოთხე კვარტალში ზრდამ 7.8% შეადგინა.

ინფლაცია 2025 წლის დეკემბერში 7.3%-მდე შემცირდა, მაშინ როცა 2024 წლის ბოლოს 9.8% იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ აღემატება ცენტრალური ბანკის 5%-იან სამიზნეს. სწორედ ამიტომ, უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა 2025 წლის დასაწყისში საბაზო განაკვეთი 14%-მდე გაზარდა და წლის განმავლობაში უცვლელად შეინარჩუნა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტა სომიც გამყარდა. 2025 წლის ბოლოს ერთი დოლარი 12,025 სომი ღირდა, რაც 2024 წლის ბოლოსთან შედარებით 7.4%-იანი გამყარებაა.

TBC Group PLC-ის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, წლის ბოლო კვარტალი უზბეკეთში ბიზნესის მასშტაბირების თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიური იყო.

„უზბეკეთში წლის დასკვნითი კვარტალი ბიზნესის შემდგომი მასშტაბირებით აღინიშნა. ჩვენს ძირითად პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნა შევინარჩუნეთ და მომხმარებელთა ბაზაც კვლავ სწრაფად იზრდებოდა. ამავდროულად, სასესხო პორტფელი გარკვეულწილად მოვარგეთ განახლებულ რეგულატორულ ჩარჩოს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, უფრო მდგრადი და გრძელვადიანი ზრდა უზრუნველვყოთ,“ — აცხადებს ბუცხრიკიძე.

მისივე თქმით, 2025 წელს ბანკმა მნიშვნელოვნად გააძლიერა პოზიციები როგორც საცალო, ისე ბიზნეს-საბანკო მიმართულებით.

„წლის განმავლობაში ჩვენი სასესხო პორტფელი 45%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დეპოზიტები 40%-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლებით უკვე შევედით უზბეკეთის ბანკების ათეულში საცალო სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით,“ - აღნიშნავს ის.

ბუცხრიკიძე ასევე უსვამს ხაზს ბანკის ყოველდღიური ციფრული ეკოსისტემის სწრაფ გაფართოებას.

„ჩვენი ყოველდღიური საბანკო ეკოსისტემა კვლავ სწრაფად ვითარდება - გაიცა 900 ათასზე მეტი ‘Salom’ ბარათი, ხოლო ‘Payme’-ის პლატფორმაზე გადახდების მოცულობა 43%-ით გაიზარდა და 18.5 მილიარდ ლარს მიაღწია. პარალელურად, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ბიზნეს-საბანკო მიმართულებაშიც, სადაც უკვე დავნერგეთ უზბეკეთის პირველი სრულად ციფრული SME დაკრედიტების პროდუქტები,“ - ამბობს ბუცხრიკიძე.

მისივე შეფასებით, 2025 წლის შედეგებმა ჯგუფის შემოსავლების დინამიკური ზრდაც განაპირობა.

„მთლიანმა საოპერაციო შემოსავალმა 690 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 67%-იანი ზრდაა და ჯგუფის საერთო შემოსავლის დაახლოებით მეხუთედს წარმოადგენს. ამავე პერიოდში წმინდა მოგებამ 127 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 15%-იანი ზრდაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უზბეკეთი ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია,“ - აცხადებს ბუცხრიკიძე.

შეფასებების მიხედვით, 2026 წელსაც ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზრდება. TBC Capital უზბეკეთის ეკონომიკურ ზრდას დაახლოებით 7%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი კი დაახლოებით 6%-იან ზრდას ელოდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები