"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, საერთაშორისო მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შედარებით გაუარესებულია, თუმცა მთლიანობაში, ეს საქართველოს ბევრ ეკონომიკურ პარტნიორს ნაკლებად შეეხო.
"ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები აშშ-ს მთავრობის ფასიან ქაღალდებზე, რაც ტრადიციულად ზრდის რისკის მიმზიდველობას ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა. ეს საქართველოს ლარში დენომინირებული მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის ზრდაში აისახა. აღსანიშნავია,რომ ივნისი-ივლისში თიბისიმ 425 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი რეკორდულად დაბალ ფასებში მოიზიდა", – აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, მათივე შეფასებით, ევროს და სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ, აშშ დოლარი ინარჩუნებს მყარ პოზიციებს.
"მართალია საერთაშორისო დონეზე დოლარის შემდგომი გამყარების ალბათობა არაერთი შეფასებით დაბალია, თუმცა ასეთ შემთხვევაში ნეგატიური ეფექტი მსესხებლებზე უფრო მეტი იქნება, ვიდრე ევროს დოლარის მიმართ გამყარებისას. ამდენადდღევანდელი მოცემულობით საქართველოში სავალუტო რისკის აღებისას, დივერსიფიცირება კვლავ უფრო ოპტიმალურ ვარიანტად უნდა ჩაითვალოს, განსაკუთრებით ბიზნესისათვის შედარებით მეტი ევროს წილით", – წერენ კვლევის ავტორები.
"თიბისი" კვლევების შეფასებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი დაახლოებით 4.3%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული დაახლოებით 5%-სა.
"მართალია ტურიზმის სექტორი ისეთივე ძლიერი აღარაა, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა საქონლის ექსპორტი და გზავნილები მნიშვნელოვან ზრდის ტემპს შეინარჩუნებს. ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასთან ერთად, იმპორტის საკმაოდ დაბალი ზრდაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ფისკალურ დანახარჯებსა და საკრედიტო აქტივობას, წინა პროგნოზის შემდეგ ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გადახედვა არ მომხდარა. ამასთან, არსებული გათვლებით, 2020 წელს ზრდის ტემპი გაუმჯობესდება, თუმცა ის 5%-ზე დაბალი იქნება", – აღნიშნულია კვლევაში.

























