თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქალ მეწარმეთა პროფილებისა და საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევის მიგნებები წარადგინეს. ბაზრის სეგმენტაციის კვლევა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ A2F Consulting თიბისისთან თანამშრომლობით და EBRD-ის დაფინანსებით ჩაატარა.
ღონისძიება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა გახსნეს.
„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თიბისისთვის არის მეწარმეების მხარდაჭერა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. წლებია, ვზრდით ჩვენს მდგრად პორტფელს, რომლის ნაწილიც არის ქალ მეწარმეთა დაფინანსება. არაერთი წარმატებული მეწარმე ქალია დაფინანსებული ჩვენი „სტარტაპერის“ პროგრამის ფარგლებში. ჩვენი სერვისები მიმართულია ადამიანების ცხოვრების გამარტივებისკენ იმ მიზნით, რომ მათ სხვადასხვა ბარიერების გადალახვა და თვითრეალიზება შეძლონ, და ამით, წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში“, - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
“ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და განვითარება შეიძლება იქცეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად და გახადოს ეკონომიკა უფრო ინკლუზიური და მდგრადი - რაც EBRD-ისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვქონდა, ეს პროექტი განგვეხორციელებინა ჩვენს სანდო პარტნიორთან - თიბისი ბანკთან ერთად. პროექტი ადასტურებს, რომ როგორც EBRD, ისე თიბისი ბანკი, მხარს უჭერს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდითა და მეწარმეობის ხელშეწყობის გზით“ - განაცხადა EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალთა გაძლიერების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თიბისის პარტნიორი მეწარმე ქალები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე - „ქალ მეწარმეთა ბიზნეს პოტენციალი საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“. განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი, EBRD-ის ინკლუზიური ფინანსირების მიმართულების ხელმძღვანელი ფრანჩესკა დალა პოცა, თიბისის მომხმარებელი ქალი მეწარმე, შპს „ლიტვური საცხობის“ დამფუძნებელი თინათინ ხუციშვილი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი.
პანელური განხილვის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა მეწარმეობის კუთხით არსებულ გამოწვევების, ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად მსოფლიოში გავრცელებულ საუკეთესო გამოცდილების შესახებ და ხაზი გაუსვეს ფინანსური სექტორისა და სახელმწიფოს როლს ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში განხორციელებულ 287 პროექტში, რომელთა 81% კერძო სექტორზე მოდის.