ფინანსისტი ვასო რევიშვილი აცხადებს, რომ "თიბისის" საქმე თავიდანვე "უხეშად შეკერილი იყო", თუმცა საქართველოს ეროვნულ ბანკს რამდენად ჰქონდა კანონიერი უფლება, მოეთხოვა ბორდის წევრების გადაყენება, რთულია სათქმელია, რადგან შიდა სამზარეულოს დეტალები არაა ცნობილი.
მისივე განმარტებით, ბანკი ამ ნაბიჯის შესახებ ინფორმირებული და მომზადებული იყო. რევიშვილი ამბობს, რომ საბანკო სისტემა ძალიან გამჭვირვალეა და შეუძლებელია, 10 წლის წინანდელი ტრანზაქცია სებ-ის მხრიდან შეუმჩნეველი ყოფილიყო.
"ფაქტია, რომ ბანკი მომზადებული იყო ამისთვის, იცოდნენ რაც ხდებოდა. რაც შეეხება "თიბისის" მხრიდან გამჭვირვალობას, არ შეიძლება, რომ რომელიმე ბანკს ამაზე მეტი გამჭვირვალობა ჰქონდეს. მხოლოდ "თიბისიზე" არაა საუბარი, ჩვენი საბანკო სისტემა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა, ყველა ტრანზაქცია მოწმდება ეროვნული ბანკის მიერ. შეუძლებელია, ეს ძველი ტრანზაქცია შეუმჩნეველი და ფარული ყოფილიყო", - განმარტავს ის.
ვასო რევიშვილი ამბობს, რომ "თიბისი ბანკი" სისტემურად გამართული სტრუქტურაა და ბორდიდან ერთი, ან ორი წევრის გასვლა, მის ჩამოშლას არ გამოიწვევს.
"პოლიტიკური სარჩული ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ პირადული, ალბათ აქვს ამ საქმეს. რაც შეეხება სისტემურ ჩამოშლას, ამის რისკი ნულის ტოლია. "თიბისი ბანკი" უკვე იმდენად დადებითად რთული და კომპლექსური სტრუქტურაა, რომ ერთი ან ორი ბორდის წევრის წასვლა არაფერს არ ცვლის, ბანკი გამართულად საქმიანობს და ბორდის წევრებზე ძალიან ცოტა იყო დამოკიდებული მმართველობით საკითხში, ვინაიდან მენეჯმენტი მართავს და არა – ბორდი", - აცხადებს რევიშვილი.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.
სებ–ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია "თიბისი ბანკის" შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
"საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა", – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

























