„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისის პირველი საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე გაიხსნა.
როგორც bm.ge-ის „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ბიენალეს მთავარი თემაა - „მხოლოდ შენობები არ კმარა“ და ის საცხოვრებელი უბნების არაფორმალური ურბანული და სოციალური სივრცეების შესწავლას ეხება.
ბიენალეს მიზანია, პოსტ-საბჭოური ტრანსფორმაციის ეპოქა გაიზაროს და გამოიკვლიოს, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ცვლილებების ასახვა ურბანულ გარემოზე, მათ მომხმარებლებზე და როგორ მონაწილეობს საზოგადოება ამ პროცესებში.
პროექტი მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ბიენალე მოიცავს როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში დაგეგმილ აქტივობებს: გამოფენებს, სიმპოზიუმს, საჯარო ლექციებს, ტურებს გლდანში გიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებებს, პერფორმანსებს, ურბანულ და არქიტექტურულ ინსტალაციებს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება საჯარო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც გლდანის ღია სივრცის ნაწილი გახდება.
გლდანის რაიონი საბჭოთა იდეოლოგიის უტოპიური ხედვის თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტების ლოგიკასთან ადაპტირების მაგალითია, სწორედ ამიტომ ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების ლოკაცია გლდანის მიკრორაიონია.
1988 წლის ნოემბერში თბილისმა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველ და ერთადერთ ბიენალეს უმასპინძლა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, წლევანდელი ბიენალე მსგავსი ტიპის პირველი ღონისძიება იქნება, რომელიც 2017 წელს თინათინ გურგენიძემ, ნათია კალანდარიშვილმა, ოთარ ნემსაძემ და გიგი შუკაკიძემ დააარსეს.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 3 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ბიენალეს დეტალური პროგრამა იხილეთ ვებ-გვერდზე: www.biennial.ge