მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიში "პროგრეს ბანკის" საეჭვო ტრანზაქციებზე დოკუმენტაციის არსებობას უარყოფენ

5db1cbc0e20a9
სალომე მეცხვარიშვილი
24.10.19 20:05
1411
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე უარყოფს ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ თიბისი ბანკში არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც “პროგრეს ბანკში” საეჭვო ტრანზაქციებს ადასტურებს.

ვახტანგ ბუცხრიკიძის განმარტებით, “პროგრეს ბანკის” შესყიდვამდე მათ ჩაატარეს აუდიტორული დასკვნა, თუმცა, “ასეთი შესწავლა” არ გაუკეთებიათ.

“ჩვენ შევიძინეთ პროგრეს ბანკის აქტივები და ვალდებულებები. ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ ფინანსური და იურიდიული შემოწმება და ამის საფუძველზე შევიძინეთ აქტივები და ვალდებულებები”,- აცხადებს ბუცხრიკიძე.

კითხვაზე, 95%-იანი წილის შეძენის შემდეგ არსებობდა თუ არა თიბისი ბანკში დასკვნა, რომ დარჩენილი 5% იძლეოდა გარკვეული რისკის საფუძველს, რომ შესაძლოა ფულის გათეთრებასთან გვქონოდა საქმე, ბუცხრიკიძე პასუხობს:

"არა რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი შესწავლა არ გაგვიკეთებია, ჩვენი ინტერესის სფეროს ეს არ წარმოადგენდა. მხოლოდ ის ნაწილი იყო შემოწმებული, რომლის აქტივებსია და ვალდებულებების შეძენას ვაწარმოებდით. ეს არ არის ერთი შემთხვევა, ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 4 ასეთი ან უფრო დიდი ტრანზაქცია გვაქვს გაკეთებული და ყოველთვის, როცა ვაკეთებთ შესაბამის ფინანსურ და იურიდიულ აუდიტს ვაწარმოებდით",- აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

გთავაზობთ ინტერვიუს დარჩენილ ნაწილს ვახტანგ ბუცხრიკიძესთან:

კითხვა: რაზე დაყრდნობით აკეთებს ბანკის დამფუძნებელი იმ განცხადებას, რომ მაშინ დაინახეს ფულის გათეთრების სქემა პროგრეს ბანკში? ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ამაზე ინფორმაცია არ მაქვს

კითხვა: მამუკა ხაზარაძემ “მთავარ არხზე” განაცხადა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია იყო თიბისი ბანკში, რომლის მიხედვითაც, ბანკს ჰქონდა ეჭვი, რომ ფულის გათეთრებასთან ჰქონდა საქმე. საეჭვო ტრანზაქციებზე თქვენ ინფორმაცია არ გქონდათ?

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ჩვენ შევიძინეთ აქტივები და ვალდებულებები, ჩვენ არ შეგვიძენია ბანკი, შესაბამისად, ჩვენ ინტერესი არ გვქონია, მთლიანად ბანკი შეგვესწავლა.

კითხვა: მამუკა ხაზარაძე რატომ ამბობს ამას, მას ხომ არ აქვს ინტერესი, რომ თიბისი ბანკს რამე ჩრდილი მიადგეს? რატომ ამბობს, რომ პროგრეს ბანკში იყო საეჭვო ვითარება?

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ამაზე არ ვპასუხობ

კითხვა: ხომ არ გქონიათ, კომუნიკაცია ხაზარაძესთან ამ განცხადების შემდეგ?

ვახტანგ ბუცხრიკიძე: არა, არ მქონია

რამდენიმე კვირის წინ „მთავარი არხის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა 2016 წელი, როცა „თიბისი ბანკი“ „რესპუბლიკა ბანკის“ შეძენას გეგმავდა, მაგრამ მისი მტკიცებით, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. ხაზარაძის თქმითვე, აღნიშნული საკითხი მან ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი საუბრისას წამოჭრა, რა დროსაც ივანიშვილმა მას უთხრა, რომ თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდდა, იქნებ ეს საკითხიც გამოსულიყო, თუმცა "პროგრეს ბანკის" აუდიტორული შემოწმების შემდეგ ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი.

ხაზარაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა უპასუხა. მესტვირიშვილის თქმით, დოკუმენტაცია, რაზეც გასული დღეების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი, ეროვნულ ბანკში არ ინახება. მან "თიბისი ბანკს" მოუწოდა, რომ თუ ბანკში ინახება დოკუმენტაცია, სადაც სს “პროგრეს ბანკში” განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციები არის ასახული, სამართალდამცავებსა და ეროვნულ ბანკს მიაწოდონ.

განცხადება გააკეთა კახა კალაძემაც:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, "პროგრესს ბანკს" არანაირი შეხება ფულის გათეთრებასთან არ ჰქონია, - ამის შესახებ კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე იტყუება და არანაირი აუდიტორული დასკვნა არ ჩატარებულა.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ „პროგრეს ბანკი“ 2007 წელს დააფუძნა; 2013 წელს კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი - 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ბიზნესმენი ილია გავრილოვი იდგა, ბანკის 22%-ის მფლობელი კი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები