მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტილისკვერი" საწარმოს განვითარებას გეგმავს

ტილისკვერი

საოჯახო ბიზნესი „ტილისკვერი“, რომელიც ამჟამად 8 სახეობის ტყლაპს აწარმოებს, საწარმოში ოთახი-მაცივრის მოწყობას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი თამარ ქაჯაია BM.GE-სთან აცხადებს, რომ მათ ტყლაპებსა და ჩირეულობაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ საჭირო გახდა ხილის შესანახი ახალი სივრცის მოწყობა.

„საწარმოში სულ სამი მაცივარი გვაქვს, რაც საკმარისი არ არის. ამიტომ, დამატებით მაცივრების დაქირავება გვჭირდება ხოლმე. წელს, გვინდა ოთახი-მაცივრის მოწყობა. ახალი სივრცის მოსაწყობად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამაში ვაპირებთ განცხადების დაწერას.

ამ ეტაპზე, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო თანხის კალკულაცია არ ჩაგვიტარებია, მაგრამ პროგრამის გამოცხადების შემდეგ, სპეციალისტთან კონსულტაციას და ყველა დეტალის გავლას ვგეგმავთ.

ამჟამად წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ონლაინ იყიდება. „ტილისკვერი“ პოპულარობით სარგებლობს ქართველ ემიგრანტებშიც. ამასთან, ჩვენი პროდუქცია ადგილზე მაღაზია „გრომანიაშიც“ რეალიზდება,“ - აცხადებს ქაჯაია.

მისი თქმით, გასული წელი გაყიდვების კუთხით ძალიან კარგი იყო და იმდენად დიდი შეკვეთა მიიღეს, რომ მისი წარმოება გამოწვევასთანაც კი იყო დაკავშირებული. ამასთან, პროდუქციის ღირებულების 10%-მდე ზრდაც მოუწიათ, რასაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებენ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია საკუთარი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავდა, თუმცა ამ ეტაპზე, აღნიშნული გეგმა გადავადდა, რადგან ამჟამად წარმოების გაძლიერებაა პრიორიტეტული.

ინფორმაციისთვის, კომპანია „ტილისკვერი“ ორხევში მდებარეობს და ის პანდემიის პერიოდში შეიქმნა. რაც შეეხება სახელს, თამარ ქაჯაიას განმარტებით, ის მეგრულად ტყლაპს ნიშნავს. კომპანიამ ორი წლის წინ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და 30000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო. მოგებული გრანტით მანქანა დანადგარები შეიძინა და წარმოება გასულ წელს გააორმაგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები