მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ბოლო დღეს ატარებს - როგორი იყო განვლილი 15 წელი?

კუკი

Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი 15-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობას დღეს ოფიციალურად დატოვებს. კუკი საქმიანობას კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გააგრძელებს და გლობალურ პოლიტიკოსებთან ურთიერთობების წარმართვაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

თავად კუკის ხელმძღვანელობის წლები კომპანიის გულშემატკივრებსა და ინდუსტრიის მიმომხილველებს მრავალ მნიშვნელოვან გარდატეხას, განსაკუთრებით კი ტექ-გიგანტის ფინანსურ გაძლიერებას გაახსენებს. მისი ლიდერობის პერიოდში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $350 მილიარდიდან $4 ტრილიონამდე გაიზარდა. ამ დროში Apple-ის წლიური შემოსავალი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და 2025 წელს $416 მილიარდიც კი შეადგინა. კომპანიის აქციების ფასი 2011 წლის შემდეგ 2,000%-ზე მეტით გაიზარდა და აჯობა ცნობილ S&P 500-ის ინდექსს, რომელიც ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 500%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კუკმა წარმოების ლოგისტიკის ეფექტური მართვით კომპანიის ბიზნესმოდელი მკვეთრად გააფართოვა. მისი ინიციატივით Apple-მა Intel-ის ჩიპების გამოყენება შეწყვიტა და Mac-ის კომპიუტერები საკუთარ პროცესორებზე გადაიყვანა. ამ გადაწყვეტილებამ მოწყობილობების წარმადობა და ენერგოეფექტურობა საგრძნობლად გაზარდა. პარალელურად, კუკის მმართველობისას კომპანიამ Apple Watch-ი, AirPods-ი, Apple Vision Pro და MacBook Neo გამოუშვა, ხოლო iPhone-ის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2011 წელს დაფიქსირებული $47.1 მილიარდიდან $209.6 მილიარდამდე გაიზარდა. რაც შეეხება ციფრული სერვისების მიმართულებას, ამ სეგმენტის წლიურმა შემოსავალმა $100 მილიარდს გადააჭარბა და კომპანიისთვის მეორე უმსხვილეს შემოსავლის წყაროდ იქცა.

რაც შეეხება ახალ ეტაპს, Apple-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას ტექნიკური ინჟინერიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ჯონ ტერნუსი 1 სექტემბრიდან დაიკავებს. ტერნუსს კომპანიის მართვა მოუწევს იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ფონზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაძლიერებას, Google-ის Gemini-ის ბაზაზე განახლებული Siri-ის გამოშვებასა და დასაკეცი iPhone-ის პრეზენტაციას მოიცავს. ამას გარდა, ახალი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა ჭკვიანი სათვალეების შექმნა და ბაზარზე ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული მოწყობილობების გამოჩენა იქნება.

შეგახსენებთ, რომ სტივ ჯობსმა ტიმ კუკი კომპანიაში სამუშაოდ 1998 წელს მიიწვია. მოგვიანებით, 2005 წელს ის საოპერაციო დირექტორად დაინიშნა, ხოლო 2011 წლიდან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი გადააბარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები