მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიმ კუკმა თანამშრომლებთან AI-ზე, Apple-ის 50 წლის იუბილესა და მის მემკვიდრეზე ისაუბრა

ტიმ კუკი

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა, სადაც კომპანიის სამომავლო სტრატეგიაზე, Apple-ის მოახლოებულ 50 წლის იუბილეზე და მის მემკვიდრეზე ისაუბრა.

კუკმა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოგონებად და ჩვენი ეპოქის მთავარ გარდამტეხ მოვლენად შეაფასა. მან თანამშრომლებს განუცხადა, რომ AI ინდუსტრიაში Apple-ის ჩამორჩენა რეალურად გაზვიადებულია, რადგან ის პოზიცია, რომელიც კომპანიამ ბოლო თვეების განმავლობაში დაიკავა გაცილებით სწორი და ეფექტურია.

საუბარია ძირითად AI ასისტენტად Gemini-ზე დაშენებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, რაც კომპანიამ Apple Inteligence-ის წარუმატებლობის შემდეგ გადაწყვიტა. ტიმ კუკს მიაჩნია, რომ ამ გზით Apple-ს საშუალება ეძლევა, რესურსები უფრო სპეციფიკური AI მოდელების შექმნაზე დახარჯოს, რაც მომხმარებელს ჩაშენებული პროდუქტების გამოყენებას გაუმარტივებს.

აღმასრულებელმა დირექტორმა არ გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში კომპანიამ ახალი პროდუქტი წარადგინოს, რომელიც სწორედ ხელოვნური ინტელექტით იქნება აღჭურვილი. ანალიტიკოსებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ეს იქნება ჭკვიანი სათვალე ან სახლში განსათავსებელი მოწყობილობა, თუმცა ჯერჯერობით ცნობები მხოლოდ ჭორების დონეზე რჩება.

ტექნოლოგიურ საკითხებზე საუბრის მიღმა, კუკმა ყურადღება გაამახვილა Apple-ის მოახლოებულ დაბადების დღეზეც, რომელიც 1-ელ აპრილს აღინიშნება. შეგახსენებთ, 2026 წელს ამერიკულ ტექ-გიგანტს დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. აღმასრულებელმა დირექტორმა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა, თუმცა აპრილის თვეში საინტერესო სიახლეები დაუანონსა როგორც თანამშრომლებს, ისე მომხმარებელს. რაც შეეხება მის მემკვიდრეს, ანუ პირს, რომელიც ჩაანაცვლებს წელს კუკს, მისი ვინაობის გამჟღავნებისაგან ამჯერადაც თავი შეიკავა. კუკმა განაცხადა, რომ ახლა ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ როგორი იქნება კომპანია 15 წლის შემდეგ. შესაბამისად, ადგილმონაცვლის საკუთარ კანდიდატზე სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით ფიქრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები