მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TIME-მა 2024 წლის საუკეთესო გამოგონებები დაასახელა

TIME

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა TIME-მა, რომელიც საინტერესო ანალიტიკურ მასალებთან და შთამბეჭდავ ყდებთან ერთად, რეიტინგებით და დაჯილდოებებით არის სახელგანთქმული, 2024 წლის საუკეთესო გამოგონებები დაასახელა. წლევანდელ რეიტინგში ორასი ნივთი და ტექნოლოგია მოხვდა, რომლებიც TIME-ის რედაქტორებმა და კონტრიბუტორებმა რედაქციაში შემოსული განაცხადებიდან შეარჩიეს. წელს, გამარჯვებულები 29 კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომელთა შორის ვხედავთ, როგორც სამომხმარებლო ელექტრონიკას, ასევე მედიცინას, ხელოვნურ ინტელექტს, მწვანე ენერგეტიკას, მოდას და სოფლის მეურნეობას.

სამომხმარებლო ელექტრონიკა — Huawei Mate XT Ultimate Design

სამომხმარებლო ელექტრონიკის მიმართულებით წლის ერთ-ერთ საუკეთესო გამოგონებად ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei-ის მიერ შექმნილი სმარტფონი მოხვდა. ამ ტელეფონის ეკრანი სამჯერ იკეცება, ანუ ის პირველი ამ ტიპის მოწყობილობაა ბაზარზე. Huawei Mate XT, რომლის ეკრანი გაშლილ მდგომარეობაში 10.2 დიუმს ითვლის, პლანშეტების კონკურენტად უფრო ითვლება, ვიდრე სმარტფონების. ეს ტელეფონი 5,600 mAh-ის მოცულობის ბატარეით, 66W-ის სიმძლავრის დასამუხტი პორტით და Kirin 9010-ის სერიის პროცესორითაა აღჭურვილი. Huawei-ის ფლაგმანური სმარტფონის საწყისი ფასი $2,800-ია. ამ დროისთვის, ის მხოლოდ ჩინეთში იყიდება.

სამომხმარებლო ელექტრონიკა — LG Signature OLED T

სამომხმარებლო ელექტრონიკის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონების ტიტული კორეულმა LG-მაც მიიღო, რომელმაც წელს გამჭვირვალე ტელევიზორი შექმნა. LG Signature OLED T — ასე ეწოდება LG-ის 77-დუიმიან ტელევიზორს, რომელიც OLED Transparent-ის ტექნოლოგიას ეფუძნება, ანუ პიქსელებს მაშინ ანათებს, როცა ეს გამოსახულებას სჭირდება. სხვა შემთხვევაში, პიქსელი გამჭვირვალე ფორმას ინარჩუნებს, რაც ქმნის ილუზიას, რომ ტელევიზორის ეკრანზე არსებული გამოსახულება ჰაერში ლივლივებს. LG-ის გამჭვირვალე ტელევიზორი ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის და მისი საწყისი ფასი $60,000-ია.

რობოტიკა — Figure 02

რობოტიკის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონების ტიტული ამერიკული სტარტაპის, Figure-ის მიერ შექმნილმა ჰუმანოიდმა რობოტმა მიიღო. Figure 02 ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტია ბაზარზე, რომელიც, უმეტესწილად, კორპორაციული გამოყენებისთვისაა შექმნილი. 2024 წელს Figure-ის რობოტები აქტიურად გამოიცადა BMW-ს ქარხანაში, სადაც ის ჩართული იყო, როგორც წარმოების, ასევე ლოგისტიკის და საწყობის მართვის ოპერაციებში. Figure-ის აქციონერებს შორის OpenAI-ს, Microsoft-ს, NVIDIA-ს ვხვდებით, ხოლო თავად ამერიკული კომპანია $2.6 მილიარდად არის შეფასებული.

ხელოვნური ინტელექტი — Cerebras Systems Wafer-Scale Engine 3

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით 2024 წლის ერთ-ერთ საუკეთესო გამოგონებად მსოფლიოს ყველაზე დიდი პროცესორი დაასახელეს, რომელიც ამერიკულმა Cerebras Systems-მა შექმნა. დღეს, ხელოვნური ინტელექტი 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიად ითვლება და დროსთან ერთად, AI-ზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. აი, სწორედ ამ მიზნით შექმნეს ამერიკელმა ინჟინრებმა Wafer-Scale Engine 3 — პროცესორი, რომელსაც OpenAI-ის GPT-4-ზე ათჯერ უფრო დიდი მოდელების დასწავლა შეუძლია. პრაქტიკაში კი, ამ პროცესორს მას შემდეგ ვიხილავთ, რაც კომპანია ტეხასში მდებარე სუპერკომპიუტერის, Condor Galaxy 3-ის მშენებლობას დაასრულებს.

მწვანე ენერგეტიკა — South 8 LiGas

მწვანე ენერგეტიკის კატეგორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გამოგონებად South 8-ის მიერ შექმნილი თხევადი გაზის ელექტროლიტი დასახელდა, რომლის დანიშნულება ელექტრობატარეების გაუმჯობესებაა. ლითიუმ-იონურ ბატარეას სამი ძირითადი გამოწვევა აქვს, ესენია: აალება, სიცივე და ღირებულება. South 8-ის მიერ შექმნილი ელექტროლიტით, ანუ ბატარეის მჟავით, სწორედ ამ პრობლემების მოგვარება შეიძლება.

სითხე ელემენტში შედის, რომლის დახმარებით: ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში, South 8-ის მიგნებით გაჯერებული ბატარეა მხოლოდ ექვსი წამის განმავლობაში იწვის, როცა ჩვეულებრივი ბატარეის შემთხვევაში ალის ჩაქრობას ათი წუთი უნდა. ამასთან, ინოვაციური სითხე უკეთ უძლებს ყინვას და -50°C-ზეც მუშაობს, როცა ჩვეულებრივი ბატარეის შემთხვევაში მაქსიმალური ყინვა -16°C-ია. ამერიკული კომპანიის ტექნოლოგიით გაჯერებული ელემენტი უფრო ეფექტიანიცაა და კილოვატ-საათ ენერგიას $100-ად გამოიმუშავებს, როცა ჩვეულებრივი ელემენტის შემთხვევაში ეს თანხა $150-ის ტოლია.

ამერიკული South 8 აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კონტრაქტორია, რომელიც, ამასთანავე, დიდ ელექტრომწარმოებელ კომპანიებთანაც თანამშრომლობს.

პორტატული მედიცინა — AstraZeneca FluMist

პორტატული მედიცინის კატეგორიაში TIME-ის წლის ერთ-ერთი მთავარი გამოგონების ტიტული ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, AstraZeneca-მ მიიღო. ცოტა ხნის წინ, შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ შექმნილმა ნაზალურმა ვაქცინამ, FluMist-მა მსოფლიოს ყველაზე მკაცრი სამედიცინო მარეგულირებლის, FDA-ის დასტური მიიღო. FluMist-ი ტრადიციული ვაქცინის მსგავსად ფუნქციონირებს და მომავალი წლიდან, მისი გამოწერა ამერიკელ ექიმებს 50 წლამდე პაციენტებისთვის შეეძლებათ. ამ გზით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება.

საკვები და სასმელი — LifeStraw Sip

საკვებისა და სასმლის კატეგორიაში წლის ერთ-ერთ მთავარ გამოგონებად ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ წყლის ფილტრების მწარმოებელი კომპანიის, LifeStraw-ს ჭკვიანი საწრუპი დაასახელა. LifeStraw Sip — ასე ეწოდება უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ საწრუპს, რომელიც ბაქტერიების, პარაზიტების და მიკროპლასტმასის 99%-ზე მეტს ბლოკავს. ამ გამოგონებისთვის საწრუპის ფორმის ფაქტორის მიცემა LifeStraw-ში ტყუილად არ გადაუწყვეტიათ, რადგან ამ პროდუქტის სამიზნე აუდიტორიას მოლაშქრეები და მოგზაურები წარმოადგენენ, რომელთაც წყლის გაფილტვრა, შესაძლოა, უცნაურ ვითარებაში დასჭირდეთ. თითოეული საწრუპით მომხმარებლებს 1,000 ლიტრი წყლის გაფილტვრა შეუძლიათ, ხოლო თავად პროდუქტი $35 ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები