TIME-მა 2025 წლის "წლის ადამიანად" "ხელოვნური ინტელექტის (AI) არქიტექტორები" დაასახელა. ჟურნალმა 2025 მოიხსენია წლად, როდესაც ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი "მთელი სიძლიერით გამოჩნდა და ეს პროცესი შეუქცევადი გახადა".
Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგი, Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ზაკერბერგი, ილონ მასკი და ხელოვნური ინტელექტის "ნათლია" ფეი-ფეი ლი იმ პირთა შორის არიან, რომლებიც ჟურნალის ორი გარეკანიდან ერთ-ერთზე მოხვდნენ. TIME-ის აღიარება მოიპოვეს სემ ოლტმენმა, ლიზა სუმ, დემის ჰასაბიმ და დარიო მოდეიმაც.
"მოაზროვნე მანქანების ეპოქის ჩვენამდე მოტანისთვის, კაცობრიობის განცვიფრებისა და შეშფოთებისთვის, აწმყოს გარდაქმნისა და შესაძლებლობის საზღვრების გადალახვისთვის - 'ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები' TIME-ის 2025 წლის 'წლის ადამიანები' არიან," - განაცხადა TIME-მა.
ეს არჩევანი ნაკლებად გასაკვირია, რადგან წელს საინფორმაციო სივრცეში ხელოვნური ინტელექტი დომინირებდა, მათ შორის, მასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეების გამო. კულტურულ სამყაროსა და შემოქმედებით სფეროებში ხელოვნური ინტელექტის შეჭრა განხილვების მთავარ თემად იქცა, რამაც მწვავე დებატები გამოიწვია და მეტი დამცავი მექანიზმის შემოღებაზე გააჩინა მოთხოვნა.
TIME-ის თანახმად, "წლის ადამიანის" ტიტული ენიჭებათ "პიროვნებას ან პიროვნებებს, რომლებმაც, ყველაზე დიდი, დადებითი თუ უარყოფითი გავლენა მოახდინეს ახალ ამბებსა და ჩვენს ცხოვრებაზე, და განასახიერეს ის, რაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო - ავად თუ კარგად".
როგორც გამოცემა წერს: "რთული იყო რაიმეს წაკითხვა ან ყურება ისე, რომ არ გაცნობოდით სიახლეებს ტექნოლოგიის სწრაფი განვითარებისა და მისი მამოძრავებელი ადამიანების შესახებ. ამ ამბებმა გამოიწვია მილიონობით დებატი იმის თაობაზე, თუ რამდენად ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევდა ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში. ბიზნესის ვერცერთი ლიდერი ვერ საუბრობდა მომავალზე ამ ტექნოლოგიური რევოლუციის გავლენის ხსენების გარეშე. ვერცერთი მშობელი ან მასწავლებელი ვერ უგულებელყოფდა იმას, თუ როგორ იყენებდნენ AI-ს მოზარდები ან მოსწავლეები".
წელს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ჟურნალმა "წლის ადამიანად" კონკრეტული ადამიანი არ აირჩია.
1982 წელს პერსონალური კომპიუტერი დასახელდა "წლის მანქანად"; 1988 წელს - "საფრთხეში მყოფი დედამიწა", როგორც "წლის პლანეტა"; ხოლო 2006 წელს ჟურნალმა "წლის ადამიანად" აირჩია "შენ" (You), რაც ადრეული სოციალური მედიის მომხმარებლების, როგორც კონტენტის შემქმნელების, "რევოლუციას" აღნიშნავდა.
ჟურნალი "წლის ადამიანს" ყოველწლიურად 1927 წლიდან ავლენს.




























