მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიტანი, ფერადი ლითონები, გაზი - რა ბუნებრივ რესურსებს ფლობს უკრაინა?

რესურსები

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს, სანაცვლოდ კი უკრაინისგან ბუნებრივ რესურსებს მიიღებს. როგორც ტრამპმა განაცხადა, ასობით მილიარდი დოლარის სანაცვლოდ, რომელსაც შტატები უკრაინისთვის გასცემს, ზელენსკის მთავრობას იშვიათი მინერალების დათმობა შეუძლია.

BMG დაინტერესდა, კონკრეტულად რა რესურსები მოიპოვება უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად მიმდინარე ომისა, უკრაინას სერიოზული პოტენციალი აქვს იმისა, რომ მსხვილ გლობალურ მომწოდებლად იქცეს ისეთი საჭირო რესურსებისა, როგორებიცაა, მაგალითად, ტექნოლოგიური ინდუსტრიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალები. უკრაინის მინერალური მარაგები გვაფიქრებინებს, რომ ქვეყანას გლობალური მიწოდების ჯაჭვში კონტრიბუციის მნიშვნელოვნად გაზრდა და ისეთ ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირება შეუძლია, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, ირანი და სხვა არადემოკრატიული სახელმწიფოები.

როგორც ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინა, თავისი მრავალფეროვანი გეოლოგიური ლანდშაფტით, მინერალური რესურსების მნიშვნელოვანი წყაროა და მსოფლიო მარაგების 5%-ზეა პასუხისმგებელი. ქვეყანაში 116 ტიპის 20 000-მდე საბადოა, საიდანაც, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, აქტიურად 15%-ში მიმდინარეობდა მოპოვება.

უკრაინა დედამიწის პოტენციურად მთავარი მომწოდებელი შეიძლება გახდეს ისეთი მეტალებისა, როგორებიცაა ტიტანი, ლითიუმი, ბერილიუმი, მანგანუმი, გალიუმი, ურანი, გრაფიტი და სხვა. ტიტანის უმსხვილესი რეზერვები ევროპაში სწორედ უკრაინას აქვს, რაც გლობალური მარაგების 7%-ის ეკვივალენტია. ამასთან, უკრაინა ერთ-ერთია იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში, სადაც ტიტანი მოიპოვება. მეტალი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოსმოსური, სამედიცინო, საავტომობილო და საზღვაო ინდუსტრიებისთვის.

უკრაინა მდიდარია ბერილიუმითაც, მეტალით, რომელიც აუცილებელია ატომური ენერგიის, სამხედრო, აკუსტიკური და ელექტრონული ინდუსტრიებისთვის. ქვეყანას აქვს ურანისა და ცირკონიუმის დეპოზიტები. ამასთან, უკრაინა ცნობილია ხარისხიანი რკინისა და მანგანუმის მასშტაბური რეზერვებითაც. მაგალითად, 2021 წელს, ევროკავშირში ფოლადის ფირფიტების იმპორტის 43% სწორედ უკრაინაზე მოდიოდა.

ფერადი ლითონების - სპილენძის, ტყვიის, თუთიისა და ვერცხლის რეზერვებით - უკრაინას ევროპაში მოწინავე პოზიციები უჭირავს. ამასთან, გრაფიტის გლობალური მარაგების 20% სწორედ უკრაინაში ინახება. ქვეყანა ხვდება ბრომის, მაგნიუმის, მანგანუმის, ტორფის, რკინისა და კაოლინის მწარმოებელ TOP 10 ქვეყანას შორის. ასევე ხვდება ტიტანის, ცირკონიუმისა და გრაფიტის მწარმოებელი ქვეყნების ათეულში.

ამასთან, უკრაინა ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვან მარაგებს ფლობს, რაც შესაძლოა სრულიად საკმარისი იყოს ქვეყნის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საჭიროებების დასაფარად. ნატოს ანგარიშის თანახმად, უკრაინაში 5.4 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რეზერვია, რითაც ევროპაში მეორე ადგილს იკავებს, ნორვეგიის შემდეგ.

ჯამურად უკრაინაში ნახშირწყალბადების წარმოების სტრუქტურა შემდეგნაირად ნაწილდება: 89% - ბუნებრივი აირი; 7.9% - ნავთობი; 3.1% - გაზის კონდენსატი.

თავად უკრაინის მთავრობა აქტიურად ცდილობს, უცხოური ინვესტიციები მინერალური რესურსების განვითარებისკენ მიმართოს. სწორედ ამიტომ, ქვეყანა არაერთ საერთაშორისო პარტნიორობასა და საინვესტიციო ფორუმს შეუერთდა, რომელთა მთავარი ფოკუსი მოპოვებითი ინდუსტრიის განვითარებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები