ევროკავშირის შესვლა-გასვლის სისტემის (EES) სრულად დანერგვა სექტემბრამდე გადაიდო. პროცესი, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო, სრულად 10 აპრილისთვის უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ვადამ გადაიწია, რათა ზაფხულის თვეებში მოგზაურობისას პოტენციური ქაოსი თავიდან აიცილონ.
პროცესის დასრულების შემდეგ, შენგენის ზონაში შესვლისას საზღვრის გადაკვეთის წესი ძირფესვიანად შეიცვლება. პასპორტებში ბეჭედს აღარ ჩაგვირტყამენ.
ნაცვლად ამისა, მოგზაურებს, საიმიგრაციო ოფიცერთან პირისპირ შეხვედრამდე, თითის ანაბეჭდების დაფიქსირება და ციფრული რეგისტრაციისა და ავტომატური გამშვები პუნქტების გავლა მოუწევთ.
EES-ის ეტაპობრივი დანერგვა ნიშნავს, რომ ტექნოლოგია უკვე მუშაობს რამდენიმე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, მათ შორის ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და ნიდერლანდებში. იმ ქვეყნებს, რომლებსაც ის ჯერ არ დაუნერგავთ, ახლა მეტი დრო აქვთ, რადგან ევროკომისიამ განაცხადა, რომ მოგზაურობის პიკურ სეზონზე მათ "გარკვეული მოქნილობა" მიენიჭებათ.
ამავდროულად, უვიზო მიმოსვლის შეთავაზებული სქემა – ევროპის მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) – რომელიც EES-ის ამოქმედებაზეა დამოკიდებული, ასევე გადაიდო 2027 წლის აპრილამდე.
უვიზო ავტორიზაციის მიღების მოსაკრებელი გასამმაგდა და თავდაპირველი 7 ევროს ნაცვლად, 20 ევრო გახდა. დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის არაწევრი ბევრი სხვა ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მოქალაქეებს მოუწევთ ამ საფასურის გადახდა და ონლაინ ფორმის შევსება, სანამ მათ ევროკავშირის შენგენის ზონაში შეუშვებენ.
ყველაფერი, რაც ამ ცვლილებებზე ვიცით:
რა არის ახალი სისტემა EES?
შესვლა/გასვლის ახალი სისტემა მოიცავს ელექტრონულ კარიბჭეებს (e-gates) და კომპიუტერიზებულ სისტემას, რომელიც ავტომატურად შეამოწმებს პასპორტებს შენგენის ზონის ქვეყნების გარე საზღვრებზე.
ის ჩაანაცვლებს პასპორტებში ბეჭდის დარტყმის მექანიკურ პროცესს, რაც ამჟამად ერთადერთი გზაა მესაზღვრეებისთვის, გააკონტროლონ, რჩებიან თუ არა ვიზიტორები უვიზო მიმოსვლისთვის დაშვებული 90-დღიანი ლიმიტის ფარგლებში. თუმცა, ეტაპობრივი დანერგვის პერიოდში, პასპორტებში ბეჭდის ჩარტყმა ჩვეულებრივად გაგრძელდება.
როდის ამოქმედდება EES?
EES 2025 წლის 12 ოქტომბერს ამოქმედდა. სისტემის ეტაპობრივი დანერგვა შენგენის ზონის 29 ქვეყნის საზღვრებზე რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ ეს ეტაპობრივი პროცესი 2026 წლის სექტემბრამდე გასტანს.
შენგენის ზონა მოიცავს ევროპის 29 ქვეყანას (ევროკავშირის 25 წევრს პლუს ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია), რომლებმაც შიდა სასაზღვრო კონტროლი გააუქმეს. მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში მათ კვიპროსიც შეუერთდება.
როგორ იმუშავებს EES?
დანერგვის პერიოდში, შენგენის ზონაში პირველად შესვლისას მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ საიმიგრაციო ოფიცრები გადაგიღებენ ფოტოს, აიღებენ თითის ანაბეჭდებს და დაასკანერებენ თქვენს პასპორტს. ეს დეტალები შეინახება ბიომეტრიული მონაცემების სახით, რათა მომავალში, ყოველი შესვლისას ან გასვლისას, დაფიქსირდეს საზღვრის კვეთის თარიღი და ადგილი. ამის შემდეგ პასპორტკონტროლის ოფიცრებს მხოლოდ თქვენი თითის ანაბეჭდებისა და ფოტოს გადამოწმება მოუწევთ, რასაც გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება.
ევროკავშირის განცხადებით, ზოგიერთ გამშვებ პუნქტზე იმოქმედებს თვითმომსახურების სისტემა რეგისტრაციის პროცესის დასაჩქარებლად, რომლის გამოყენებასაც მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის ქონის შემთხვევაში შეძლებთ. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა ასევე გამოუშვას აპლიკაცია, რომელიც მსგავსი მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. თუმცა ამის შესახებ დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა.
რა არის ETIAS?
ევროპის მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) არის ევროკავშირის ახალი უვიზო მიმოსვლის სისტემა, რომელიც მგზავრობამდე ავტომატურად შეამოწმებს იმ ვიზიტორთა მონაცემებს, რომლებსაც არ ესაჭიროებათ ვიზა და სურთ შენგენის ზონაში შესვლა. ის გამოყენებული იქნება ტურისტული და ბიზნეს მიზნით მოგზაურების მონიტორინგისთვის 90-დღიანი ლიმიტის ფარგლებში.
როდის დაინერგება ETIAS?
ევროკავშირის უახლესი მონაცემებით, ETIAS 2026 წლის ბოლო კვარტალში ამოქმედდება და სრულად 2027 წლის აპრილისთვის დაინერგება. აქვე აღნიშნულია: "ამ ეტაპზე მოგზაურებისგან არანაირი ქმედება არ არის საჭირო. ევროკავშირი ETIAS-ის ამოქმედების კონკრეტულ თარიღს დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოაცხადებს". ბრიტანეთის მოქალაქეებს არ დასჭირდებათ ETIAS-ის ნებართვა ირლანდიის რესპუბლიკაში სამოგზაუროდ, რადგან ის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად საერთო სამოგზაურო ზონის (CTA) ნაწილია.
როგორ უნდა გავაკეთო განაცხადი ETIAS-ის ნებართვაზე და რა ღირს ის?
ძალაში შესვლის შემდეგ, განაცხადის შევსება ონლაინ მოგიწევთ, თუმცა ოფიციალური ვებგვერდი და ალტერნატიული აპლიკაცია ჯერ მზად არ არის.
დაწესებულია ერთჯერადი 20-ევროიანი მოსაკრებელი, რის სანაცვლოდაც გაიცემა ნებართვა, რომელიც მოქმედებს სამი წლის განმავლობაში ან თქვენი პასპორტის ვადის ამოწურვამდე, იმისდა მიხედვით, რომელი უფრო ადრე დადგება.
გამგზავრებამდე თქვენი ETIAS-ის ნებართვა უნდა წარუდგინოთ ავიაკომპანიას, სარკინიგზო ან საბორნე კომპანიას. ევროკავშირი აცხადებს, რომ ETIAS-ის გარეშე საზღვრის გადაკვეთის მცდელობას "შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს, მათ შორის შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა".
რა ინფორმაციის წარდგენა დაგჭირდებათ ETIAS-ის ნებართვისთვის?
ონლაინ ETIAS-ის განაცხადისთვის დაგჭირდებათ მოქმედი პასპორტი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე (უვიზო რეჟიმით მოსარგებლე) ქვეყნიდან და ელექტრონული ფოსტის მისამართი. ასევე მოგიწევთ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის შევსება, მათ შორის თქვენი სრული სახელის, დაბადების თარიღისა და საცხოვრებელი ქვეყნის მითითება. პროცესის ბოლოს კი მოგიწევთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ამის შემდეგ სადებეტო ან საკრედიტო ბარათით 20 ევროს ოდენობის სააპლიკაციო მოსაკრებლის გადახდა მოგიწევთ. ევროკავშირი აცხადებს, რომ განაცხადების უმეტესობა "რამდენიმე წუთში დამუშავდება".




























