მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თითოეულ ადამიანს დაეტყობა ამ ნაბიჯების შედეგები" - ეკონომისტი დასავლეთის დახმარებების შეჩერებასა და სანქციების ეფექტზე

ირაკლი ჟვანია

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ეკონომიკური მოლოდინები უარესდება - ამის შესახებ "ანალიტიკასთან" ეკონომისტი, "ქუდოს ჯორჯიას" პარტნიორი ირაკლი ჟვანია საუბრობს. მისი თქმით, გაუარესებული მოლოდინები უკვე აისახა ზოგიერთ სექტორზე და სამომავლოდაც მოსალოდნელია ქვეყნის ეკონომიკის შეფერხება.

"მოლოდინები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც განაპირობებს ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებლებს. თუ ჩავშლით, ჩვენი ეკონომიკა ძირითადად რა მიმართულებებზე შეიძლება იდგეს, ყველა ამ მიმართულებით სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მოლოდინები არის გაუარესებული.

ეს ბევრ რამეს უკავშირდება, მათ შორის, მაგალითად, ტურიზმის მიმართულებით, რომელმაც გასულ წელს ზრდა დააფიქსირა, მაგრამ დეკემბერში შემცირდა და პოზიტიური მოლოდინებიც არავის აქვს. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაც, რომელიც კლების ტენდენციაშია. შეიძლება იყოს ასევე ზოგადი აღქმა ქვეყნისადმი, როგორც ბიზნესგარემოსა, რომელიც არ არის მდგრადი და შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი რყევები და კრიზისები - უნდა ვიცოდეთ, რომ მთლიანობაში ამ ყველაფერს შეუძლია, შეაფერხოს ჩვენი ეკონომიკა", - ამბობს ირაკლი ჟვანია.

ეკონომისტი BMG-ის ეთერში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე მოსალოდნელი სანქციების გავლენასაც აფასებს. მისი თქმით, შეჩერებულ დასავლურ პროექტებთან ერთად, სანქციების მექანიზმის ამოქმედება სერიოზული დარტყმა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

"ვნახეთ, რომ მთავრობამ გააჩერა პროექტები, რომლებიც ქვეყანაში ვალუტის შემოდინების პირდაპირი წყარო უნდა ყოფილიყო. ჩვენ არ ვართ განებივრებული ბევრი ალტერნატიული წყაროთი, რომლითაც შეგვიძლია კონკრეტული სახელმწიფოების მიერ შეჩერებული დახმარებები ჩავანაცვლოთ. თუ ამას მოყვა სანქციების ის ტალღა, რომელზეც არის საუბარი, ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს დაეტყობა ამ ნაბიჯების შედეგები, რადგან ჩვენი ეკონომიკის მასშტაბი დიდწილად ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებზეა დამოკიდებული, მათ შორის ევროპულ ურთიერთობებზე.

ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია საბანკო სექტორი, აქაც არის საუბარი, რომ შეიძლება რაღაც ზომები იყოს მიღებული, რაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება ბანკებისთვის, და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკისთვის. მოკლევადიან პერიოდში, მისი ჩანაცვლების ან დასტაბილურების ბერკეტი არ გვაქვს, ამიტომ ორიენტირი მაქსიმალურად უნდა იყოს იმაზე, რომ ვითარების სტაბილიზაციისკენ წავიდეთ", - ამბობს ირაკლი ჟვანია.

მისივე თქმით, სანქციების მოლოდინი, ისევე როგორც შიდა რყევები და არასტაბილური ბიზნესგარემო, ინვესტორებში ქვეყნისადმი საიმედოობის კლებას იწვევს: "ინვესტორებისთვის, რომლებისთვისაც საქართველო ერთადერთი ალტერნატივა არ არის, სადაც შეიძლება შევიდნენ, მუდმივად იმის მოლოდინში ყოფნა, რომ სიტუაცია არ იქნება დასტაბილურებული, საიმედოობას შეამცირებს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები