მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თითოეულმა შენობა-ნაგებობამ ესთეტიკური არქიტექტურის დამკვიდრებას უნდა შეუწყოს ხელი - მინისტრი

ქვრივიშვილი

"ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული, შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის ახალი წესის პროექტი არქიტექტურული გარემოს მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

bm.ge ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, არის თუ არა დადგენილების პროექტის ტექსტი საჯაროდ ხელმისაწვდომი, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღეთ.

სოხაძემ, რომელიც დადგენილების პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, სადაც დოკუმენტი კერძო სექტორს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა, სამინისტროს ცნობით ხაზი გაუსვა ამ ინიციატივის აუცილებლობას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლებია საზოგადოებას, მათ შორის არქიტექტორებს, აწუხებს თბილისსა და რეგიონებში არქიტექტურულად უსახური და გარემოსთან შეუსაბამო შენობების გაჩენა.

მისი თქმით, ბოლო 30-35 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ ექცეოდა ყურადღება ე.წ. „მეხუთე ფასადს“ (შენობის სახურავი და ზედა ნაწილი), რაც დღევანდელ სტანდარტებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ეს ინიციატივა მთავრობის კომპლექსური მიდგომის ნაწილია. მისი თქმით, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო პროექტების დაპროექტება ღია კონკურსების მეშვეობით, რაც უკვე უპრეცედენტო ეტაპია არქიტექტურის განვითარების თვალსაზრისით.

ახალი მიდგომით, სახელმწიფო აღარ გეგმავს მხოლოდ ფუნქციური შენობების აშენებას. მიზანია, თითოეული ობიექტი გახდეს მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაგებობა და ხელი შეუწყოს რეგიონებში თანამედროვე, ესთეტიკური არქიტექტურის დამკვიდრებას.

სოხაძის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და უკვე თითოეული ქალაქისა და დაბის დონეზე შეიქმნება დეტალური რეკომენდაციები სამშენებლო მასალებისა და არქიტექტურული სტანდარტებისთვის.

სოხაძემ ყურადღება გაამახვილა ბუნებრივი მასალების პოტენციალზე: „საქართველოში ბუნებრივი მასალების წარმოებას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მათი ეფექტური გამოყენება ყოველთვის არ ხდება. ახალი მიდგომები ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას და რესურსების სწორ გამოყენებასაც.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები