თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლები წლებია თიზ-ების შესახებ კანონის შეცვლას და საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ითხოვენ.
ქუთაისის თიზის გენერალური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში საგადასახადო რეფორმების პარალელურად ლიბერალური მიდგომები უნდა გატარდეს თიზ-ებთან მიმართებაშიც. მათ შორის გაუქმდეს ის 4%-იანი გადასახადი, რადგან ქართული კომპანიების მიერ თიზებისთვის ნედლეულის, ძირითადი საშუალებების თუ სამშენებლო მასალების მიწოდება განიხილება როგორც ექსპორტი და იბეგრება 4%-იანი გადასახადით.
გარდა ამისა, პრობლემებია ბანკებთან ურთიერთობის მხრივაც.
როგორც ნიბლაძე ამბობს, მათი პრობლემების და გადაწყვეტის გზების შესახებ ინფორმირებულია ფინანსთა სამინისტრო, თუმცა ამ დრომდე კანონმდებლობის ცვლილებაზე უწყება არ საუბრობს.
ბიზნესმა სამინისტროში წერილიც გააგზავნა, რაც ასევე, ამ დრომდე უპასუხოდ არის დატოვებული.
„არაფერი გაკეთებულა, პრობლემები კი ღრმავდება. ბანკის ანგარიშის გახსნა და მომსახურება უფრო რთული ხდება არარეზიდენტების დაფუძნებული კომპანიებისთვის.
ხშირად იხურება მათი საბანკო ანგარიშები ბანკებში. ბანკების არგუმენტი კი არის ის, რომ კონტროლი ნაკლებია. უნდა მოხდეს კანონის ოპტიმიზაცია. 12 წლის წინ, როცა არებული კანონი შეიქმნა, სხვა ეკონომიკური გარემო იყო ქვეყანაში. დოკუმენტში 2012-2013 წლებში ზედაპირული ცვლილებები მოხდა. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი წინადადებები. გარდა იმისა, რომ კანონი უნდა გახდეს ლიბერალური, პრობლემებია ოპერაციულ დონეზეც. პრობლემებია როგორც პროდუქციის დროებით შეტანასა და რეალიზაციის კუთხით, ასევე ფასწარმოქმნის, განბაჟების მიმართულებითაც. თითქოს მიტოვებულები ვართ. ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ უცხოურ ბაზრებზე და მოვიზიდოთ უცხოური კაპიტალი. გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, თუმცა ამის განხორციელებას სჭირდება პოლიტიკური ნება.
ის პაკეტები, რასაც ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ, არ არის მათთვის მისაღები. იმისთვის, რომ გავხდეთ კონკურენტუნარიანები, ამისთვის კანონი უნდა იყოს უფრო მოქნილი და ლიბერალური. მსოფლიოში ხდება თიზების თანადგომა, ჩვენს შემთხვევაში ამდენი წელია ოპერირების გაუმჯობესება არ მომხდარა.
მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად თიზ-ებს პრაქტიკულად უპირატესობა აღარ დარჩა. ის, რაც გამოგვარჩევს არის მხოლოდ ქონების 1%-იანი გადასახადი და მოგებიდან დივიდენდის გატანის გადასახადი 5%“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

























