მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თხევადი გაზის (LPG) დეფიციტის საფრთხე არ არსებობს - ასოციაცია

lpg

ქვეყანაში თხევადი გაზის (LPG) დეფიციტის საფრთხე არ არსებობს, რადგან მოწოდების ძირითადი ლოგისტიკური არხები სტაბილურად ფუნქციონირებს - ამის შესახებ BMG-სთან „თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ნარიმან ფირცხელიანი აცხადებს.

მისი განმარტებით, საქართველოს თხევადი გაზის ბაზარი თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსულ იმპორტზე, რაც არსებულ ვითარებაში, პირდაპირი სახმელეთო საზღვრის გამო, ლოგისტიკურად გამართულია.

“თხევადი გაზი საქართველოში, არც ირანიდან და არც სხვა დაკავშირებული ქვეყნიდან შემოდის. თითქმის 100% შემოდის რუსეთიდან - ნაწილი რკინიგზით, ხოლო მეტი ნაწილი ზემო ლარსიდან, ვლადიკავკაზიდან შემოედინება.

ის, რომ არსებული ომის გამო, რომელიმე კორიდორი დაიკეტება - ამის ალბათობა ნაკლებია. ეს განსაკუთრებით სამანქანო გზებს ეხება. რუსეთთან პირდაპირი საზღვარი გვაქვს და ყაზბეგიდან, ზემო ლარსიდან შემოედინება თხევადი გაზი. გარკვეული საფრთხე თეორიულად, შეიძლება, არსებობდეს აზერბაიჯანის მხრიდან, საიდანაც გაზის ნაწილი ვაგონებით შემოდის, თუმცა, ვლადიკავკაზის მხრიდან დეფიციტის შექმნის რისკი ნაკლებად მოსალოდნელია”, - ამბობს ნარიმან ფირცხელიანი.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ლოგისტიკური შეფერხებები არ ფიქსირდება, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციები ადგილობრივ ფასებზე გავლენას მაინც ახდენს. თბილისში LPG-ის ფასი ამ ეტაპზე 1.30-დან 1.40 ლარამდე მერყეობს.

„ფასების გაძვირება მოსალოდნელია, რადგან მთელი მსოფლიო ბირჟებზეა მიბმული. როცა იქ ფასი იზრდება, რუსეთიდანაც მოსალოდნელია, რომ ფასმა გარკვეული პროცენტით მოიმატოს. თუმცა, იმის შიში, რომ მიწოდება საერთოდ შეწყდეს, არ არსებობს.

მკვეთრი გაძვირება, 10, 20 ან 30 თეთრით, ჯერჯერობით არ ფიქსირდება. იყო მცირე, დაახლოებით 5-თეთრიანი ცვლილება, რაც რუსეთში, ადგილობრივ ბაზარზე ფასის მატებამ გამოიწვია. ესეც საერთაშორისო ბირჟებზე არსებული ოდნავი გაძვირების გამოძახილია”, - განმარტავს ფირცხელიანი.

მისივე პროგნოზით, თუ უახლოეს დღეებში გლობალურ ბირჟებზე რადიკალური ცვლილებები არ მოხდება, საქართველოში თხევადი გაზის ფასი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები