"2025 წელს დაახლოებით ათმაგი ზრდა გვქონდა", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” თხევადი შპალერის რეალიზატორმა კომპანია „ბრიზილის” თანადამფუძნებლებმა - ზურაბ მაისაშვილმა და ალექსანდრე გურგენიძემ განაცხადეს.
მათი თქმით, 2024 წლის დასაწყისი რთული იყო, ვინაიდან “ბრიზილის” უწევდა კომპანიების დარწმუნება მათ მიერ შეთავაზებული მასალის ხარისხსა და უპირატესობაში, თუმცა ნდობის მოპოვების შემდეგ, დინამიკა არის მზარდი.
“ეს მასალა იყო ახალი, არ იყო ცნობილი მათთვის - და გვიწევდა დარწმუნება, რომ ნამდვილად კარგია და ხარისხიანია და ძალიან ბევრ პრობლემას აგვარებს. მთელი 2024 წელი თითქმის ეს პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა უკვე როდესაც დავაკონტრაქტეთ დიდი მშენებლობები და ნახეს, რასთან ჰქონდათ საქმე, 2025 წელი ფაქტობრივად დაახლოებით 10-ჯერ უფრო გაიზარდა მოცულობა”, - აღნიშნა კომპანიის თანდამფუძნებელმა.
“ბრიზილის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2026 წლის მოლოდინიც დადებითია, თუმცა, გამოწვევებიც არის.
"ჩვენ რეალურად მომსახურებას ვყიდით და ჩვენი მასალით. ვფიქრობთ, რომ ამ სწორი მიდგომით და ევროსტანდარტის ტიპის მომსახურების შექმნით ძალიან დიდ მოთხოვნას გამოვიწვევთ. განსაკუთრებით, კორპორაციული მიმართულებით, ასევე საცალო მიმართულებითაც”, - აღნიშნა ზურაბ მაისაშვილმა. მისივე თქმით, კომპანია დღესდღეობით მხოლოდ თბილისში ოპერირებს, თუმცა მალე ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებშიც გეგმავენ პროდუქტის შეთავაზებას.
“არა მარტო რეგიონში, ქვეყნის გარეთაც ვაპირებთ მომსახურების გატანას, ევროპის მიმართულებით უფრო”, - დასძინა მან.
ცნობისთვის, კომპანია “ბრიზილი” ახორციელებს კედლების მოპირკეთებას თხევადი შპალერის ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ღებვასთან შედარებით არის უფრო იაფი და დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფი.
“ამ ეტაპზე ვახორციელებთ როგორც კერძო ბინების, ასევე ამ კომპანიებთან ჰოლების, დერეფნების, კიბის უჯრედების, საოფისე ფართების, სასტუმროების და სხვა ინტერიერის მოპირკეთებებს. ჩვენი მიზანი არის, რომ სამშენებლო-სარემონტო ბაზარზე დავნერგოთ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი მაღალი სტანდარტის მომსახურება, რომელიც სარემონტო საქმიანობას, სამუშაოებს უფრო გაამარტივებს და ააჩქარებს.
თხევადი შპალერი არის ანტისტატიკური, ანტიალერგიული, თბოეფექტური, ხმის იზოლაცია აქვს სამჯერ მეტი სტანდარტულ ღებვასთან შედარებით, არის წელვადი, რაც უზრუნველყოფს კედლის ბზარების აღმოფხვრას. ზოგადად, ახალი აშენებული კორპუსი მაგალითად ყოველთვის ჯდომა აქვს და მიკრობზარებს იჩენს კედელი. ჩვენს შემთხვევაში დაცული არის კედელი ამისგან. რაც შეეხება უპირატესობებს, ვთქვათ სტანდარტული ტრადიციული ღებვისგან ან შპალერისგან”, - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა.
ზურაბ მაისაშვილის თქმით, დღესდღეობით შესრულებული აქვთ 300 000 კვადრატზე მეტი ფართობი. ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებულია 70-მდე თანამშრომელი და დღიური წარმადობა შეადგენს 3 000 კვადრატზე მეტს. “პატარა კორპუსი შეიძლება, მაგალითად, ერთ დღეშიც დავამთავროთ”, - დასძინა მან.




























