თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ქარდავას შეფასებით, წელს ქართული თხილის ფასი 2025 წლის ფასზე ნაკლები იქნება. მიზეზი თურქეთში არსებული კარგი მოსავალია.
როგორც ქარდავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მცირე ფერმერები წლიდან წლამდე ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვერ ახერხებენ, რასაც წელს წვიმიანი სეზონიც დაერთო.
გასული ორი თვის განმავლობაში არსებული უხვი ნალექის გამო ბაღებში ნაცარი გავრცელდა, რაც სოკოვანი დაავადებების გავრცელების წინაპირობაა.
„გასულ დღეებში წვიმიანი ამინდი გვქონდა, თუმცა, რადგან ნაყოფი ჯერ კიდევ ხეებზეა, მოსავლის მიმართულებით სერიოზულ ზიანზე საუბარი არ არის. რაც შეეხება ორთვიან წვიმიან სეზონს მაის-ივნისში, მან ბაღებში ნაცრის გავრცელება გამოიწვია. ნაცარი კი სოკოვანი დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ბაღებს შესაბამისი მოვლა და დამუშავება სჭირდება, რათა დაავადება ნაყოფზე არ გავრცელდეს. მსხვილ ფერმერებთან ეს პრობლემა ნაკლებად დგას, მათ ბაღების მოვლისთვის საკმარისი რესურსი აქვთ, თუმცა მცირე ფერმერები კვლავ გარკვეული გამოწვევების წინაშე არიან.
2025 წელთან შედარებით წელს უფრო მეტ მოსავალს ველოდები. რაც შეეხება ხარისხს, არც გაუმჯობესებას და არც გაუარესებას არ ვვარაუდობ, სავარაუდოდ, მივიღებთ იმ ხარისხს, რაც ბოლო წლებში გვქონდა.
თურქეთში წელს საკმაოდ მაღალი მოსავალია მოსალოდნელი. არსებული პროგნოზებით, შარშანდელთან შედარებით წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება, ამიტომ ფასების ზრდის მოლოდინი არ არსებობს. პირიქით, მოსალოდნელია, რომ ფასები შენარჩუნდება ან გარკვეული კლების ტენდენციაც გამოიკვეთება. ეს არ ნიშნავს, რომ ფასი დაბალი იქნება, უბრალოდ, სავარაუდოდ, ის 2025 წლის მოსავლის პერიოდთან შედარებით ნაკლები იქნება.
ჯერჯერობით საბოლოო შეფასებების გაკეთება ნაადრევია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რა მოცულობის და რა ხარისხის მოსავალს მივიღებთ. ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება თურქული თხილის ფასიც, რადგან ის რეგიონულ ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს,“ - განაცხადა ქარდავამ.
წელს, 5 თვეში საქართველომ თხილის ექსპორტი 68 მლნ დოლარამდე გაზარდა. საქსტატის მონაცემებით, ქართული თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 10 დოლარის ფარგლებშია, რაც გასული წლის ფასზე 3 დოლარით მეტია.




























