საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებებს თავისი ეფექტი ჰქონდა. მისი შეფასებით, ამის მიუხედავად პროცესებში აუცილებელია ფერმერების ჩართულობაც, რომელთა დიდი ნაწილი წამლობას ისევ არ ახორციელებს, რის გამოც თხილის ხარისხი ისევ პრობლემურ საკითხად რჩება.
“იმ ფერმერებმა, რომლებიც იყვნენ პროგრამაში ჩართული და ჩაატარეს წამლობა, ცალსახად მიიღეს მაღალი ხარისხის პროდუქცია, თუმცა ხვედრითი წილი ასეთი ფერმერების შედარებით მცირეა. შესაბამისად, ზოგადი სურათი საუკეთესო არ არის. თუმცა შარშანდელთან შედარებით როგორც მოსავლის ხარისხის ისე რაოდენობის თვალსაზრისით 10-15%-იანი მატება გვაქვს”, - ამბობს მერაბ ჭითანავა.
კითხვაზე თუ რა წილი აქვს ფაროსანას საქართველოში თხილის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით, ჭითანავა გვპასუხობს, რომ 60% ხარისხის გაუარესების სწორედ ფაროსანას პრობლემას უკავშირდება, რაც განსაკუთრებულ პრობლემებს ექსპორტიორებს უქმნის.
“მინიმუმ 60% ხარისხის გაუარესების არის ფაროსანასთან დაკავშირებული. ასევე ფაროსანას აქვს გავრცელებადი ეფექტი, რომ ფაროსანას მიერ დაზიანებული პროდუქტი აგრძელებს სხვადასხვა დაავადებების მიღებას, მათ შორის სოკოვანის.
მისი ხარისხი გაუარესდა, მოსავლის აღების შემდეგ და ის აგრძელებს ხარისხის დაკარგვას. ძალიან დიდი უარყოფითი ეფექტი აქვს. მათ შორი ექსპორტიორებისთვისაც, რომლებიც ვერ პოზიციონირებენ პირველი ხარისხის ექსპორტზე და მათი წარმადობაც შემცირებულია, რადგან დაზიანებული თხილის გარჩევაც რთული პროცესია”, - ამბობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.
10 წელი გავიდა, მაგრამ ფაროსანას პრობლემა ისევ აწუხებთ თხილის მწარმოებლებს.