შემცირებული ექსპორტის, დაბალი ხარისხის და მოსავლიანობის ფონზე მთავრობა თხილის სექტორის დამატებით მხარდაჭერას იწყებს და ამჯერად სექტორში ჩართულ პირებს მოკლევადიან სესხებზე პროცენტს დაუსუბსიდირებს. ცვლილება „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში შევიდა, რომლის მიხედვით, თხილის პირველადი წარმოების ქვეკომპონენტში დაფინანსდება 3 ჰა მეტი ფართობის თხილის ბაღებში მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი- 1 ჰა-ზე არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით. სესხის მოცულობა კი, 5 -დან 300 000 ლარამდეა, ამ ტიპის სესხებზე სახელმწიფო 12 თვის განმავლობაში სესხის პროცენტიდან 8%-ის თანადაფინანსებაში შევა.
დამატებითი ღონისძიებები თხილის სექტორში არსებული პრობლემების ფონზე ამოქმედდება. ბოლო წლებში თხილის ხარისხის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ბევრს ვსაუბრობთ, გასულ წელს თხილის წარმოების ხელშეწყობისა და ბაღების მოვლისთვის ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით, ფერმერებისთვის 500 ლარი გამოიყო. და ამ მიმართულებით 15 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა და პროგრამა წელსაც გრძელდება. თუმცა ხარისხი კვლავ გამოწვევაა და 2021 წლიდან კლებადია ექსპორტიც. წელს 2 თვეში თხილის ექსპორტი წლიურად 21.5%-ით არის შემცირებული. საექსპორტო ბაზრებზე მხოლოდ 12.8 მლნ დოლარის თხილია გასული. ბოლო 6 თვეში კი ექსპორტზე ჯამში 62 მლნ თხილი და კაკალი გავიდა. რას შეცვლის სექტორისთვის მოკლევადიან საკრედიტო ხაზზე წვდომის გაზრდა, ეხმარება თუ პირიქით, ხელს უშლის სხვადასხვა დარგს სუბსიდირების კომპონენტები?
სტუმარი: მერაბ ჭითანავა - თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე