მეხუთე წელია დრამატული ცვლილებების მოლოდინში ვართ, რაც გრძელვადიან ინვესტიციებზე უარს გვათქმევინებს,- ამის შესახებ "საქმის კურსს" საერთაშორისო კომპანია TNT-ს ხელმძღვანელმა ნინო მენთეშაშვილმა ფოსტის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის დამუშავება წლებია გრძელდება, მინისტრის ყოველი ახალი მოადგილე ახლიდან იწყებს მის განხილვას, ამასობაში კი ბიზნესი ინვესტიციების განხორციელებაზე თავს იკავებს.
"მე როგორც ვიცი, იმ ვერსიაში, რაც მზადდება, ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული არ არის. უკვე მე-5 მოადგილე გამოვიცვალეთ და თავიდან ვიწყებთ ყველა ჯერზე განხილვებს. არასტაბილური ბიზნესგარემო ბიზნესს ყველაზე მეტად აზიანებს. საკანონმდებლო კუთხით ბაზარზე არსებული დრამატული ცვლილებების მოლოდინი, რა თქმა უნდა, გრძელვადიან ინვესტიციებზე უარს გვათქმევინებს. არ შეიძლება, უარყოფითი ცვლილებების მოლოდინში იყო და თან ინვესტიციებზეც იფიქრო", - აცხადებს ნინო მენთეშაშვილი.
მისი თქმით, ფოსტის შესახებ კანონპროექტზე ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი მუშაობს. ნინო მენთეშაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კანონპროექტის ახალი ვარიანტს გიორგი ჩერქეზიშვილი რამდენიმე კვირაში წარადგენს.
როგორც ცნობილია, ფოსტის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა, ძალაში შესვლის შემთხვევაში "საქართველოს ფოსტას" ეროვნული ოპერატორის სტატუსს კონკურსის გამოცხადების გარეშე მიანიჭებს, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ სხვა გადამზიდავი კომპანიები და მის შეცვლას უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ.

























