მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TNT: ოთხ წელზე მეტია მთავრობა გადაუწყვეტელ პრობლემას გვახვევს რომელსაც ’"საქართველოს ფოსტის" ვალდებულებებით ფუთავს

57e91cecccd1f
BM.GE
26.09.16 17:05
1455
ფოსტის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა, ძალაში შესვლის შემთხვევაში "საქართველოს ფოსტას“ ეროვნული ოპერატორის სტატუსს კონკურსის გამოცხადების გარეშე მიანიჭებს, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს.

კანონპროექტის ამ ვერსიის თანახმად, მხოლოდ ’’საქართველოს ფოსტა“ შეძლებს ე.წ. უნივერსალური საფოსტო მომსახურების განხორციელებას. ფოსტის კანონზე "ბიზნესკონტრაქტთან" კომპანია TNT-ის ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილი საუბრობს.

- ქალბატონო ნინო, ემსახურებოდა თუ არა საქართველოს ფოსტის რეფორმა ერთი ფავორიტი კომპანიის ინტერესებს და რატომ არის დღემდე გაჭიანურებული და შეჩერებული ეს პროცესი?

- სწორედ ერთი ფავორიტი კომპანიის პრივილეგიასთან გვაქვს საქმე, რომლის მინიჭებას მთავრობა უკვე ოთხ წელზე მეტია ცდილობს სხვადასხვა დადგენილებებით, მინისტრის ბრძანებულებებით, სხვადასხვა პროექტებით, რომლებიც ამ ოთხი წლის მანძილზე სხვადასხვა ხერხებით შევძელით რომ შეგვეჩერებინა. მათ შორის ყველაზე დიდი და მტკივნეული საფოსტო ბაზრის რეფორმირების პროცესი აღმოჩნდა, როდესაც ეკონომიკის სამინისტრომ კანონპროექტი წარმოადგინა, სადაც საქართველოს ფოსტა დომინანტ პოზიციას იკავებდა ბაზარზე და რომ არა ჩვენი გადამზიდავი კომპანიაბის ფართომასშტაბიანი მობილიზება საქართველოს ბაზარზე და ევროკომისიის ძალიან მკაცრი და მკვეთრი განცხადებები, მათ შორის კრიტიკული დასკვნები და შეფასებები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს მოყვა, ჩვენ დღეს ’’საქართველოს ფოსტას“, როგორც ქართულ ბაზარზე მონოპოლისტს მივიღებდით.

- თქვენ აქტიურად აპროტესტებდით ამ პროცესს და დღეს რა ხდება ამ მიმართულებით, მიდის თუ არა ახალ კანონზე მუშაობა?

- სამწუხაროდ, დღესაც და უკვე ოთხი წელია ერთი და იგივე ადგილას ვტრიალებთ, ანუ ეკონომიკის სამინისტრო ’’საქართველოს ფოსტის“ მკვეთრი ჩართულობითა და მონაწილეობით ახალ კანონპროექტს წარმოადგენს და ჩვენ ევროკომისიასთან ერთად ამ კანონპორექტში მითითებულ და ჩვენთვის მიუღებელ დებულებებს შევებრძოლებით, შემდეგ ცოტა ხანი შესვენება ხდება და ასპარეზზე უკვე ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილე გამოდის, რომელიც ამ ყველაფერს თავიდან იწყებს და ჩვენც თავიდან გვიწევს ამ შენიშვნების წარდგენა, თავიდან გვიწევს ასევე ევროკომიასიასთან კომუნიკაციის დამყარება და ასე გრძელდება უკვე ოთხი წელია.

უკვე წელიწადზე მეტია კანონპროექტი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის მინისტრობის დროს მისგან მითითებით, ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით და ასევე ევროკომისიის შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდა და ეკონომიკის სამინისტროს დღემდე თაროზე უდევს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის იმ შინაარს არ შეიცავს, რაც ’’საქართველოს ფოსტას“ აწყობს.

- კანონპროპექტის მიღების პროცესი, რამდენად აზარალებს ის ბიზნეს გარემოს?

- სამწუხაროდ, ეს გადამზიდავების ბაზარზე საკმაოდ არასტაბილურ გარემოს ქმნის, რაც ინვესტორებისთის ძალიან სახიფათოა და არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორებისთვის, არამედ გრძელვადიანი გეგმების დასახვა და ინვესტიციების ჩადება ჩვენ თვითონაც გვიჭირს, მაშინ როდესაც ოთხ წელზე მეტია მთავრობა გადაუწყვეტელ პრობლემას გვახვევს და ამ ყველაფერს იმის ქვეშ ფუთავს, რომ ’’საქართველოს ფოსტას“ რაღაც ვალდებულებები აქვს, რომლის შესრულებაც მისთვის აუცილებელია. მე მინდა ვიკითხო ’’საქართველოს ფოსტის“ და ეკონომიკის სამინისტროს ვალდებულებები ბიზნესის ჯიბიდან გადასახდელი რატომ უნდა იყოს? ეს წარმოაუდგენელია. მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვეულებრივად გადასახადებს ვიხდით, დამატებით რატომ ცდილობენ ’’საქართველოს ფოსტის“ მენეჯმენტის არაეფექტიანი მართვის შედეგები ჩვენ გადმოგვაბრალონ და გადამზიდავებს გადაგვახდევინონ, რომლებიც ამ ბაზარზე საკმაოდ წარმატებულად ვმოღვაწეობთ და კარგი გადამხდელები ვართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები