საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ შესყიდვასთან დაკავშირებით "მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას" შენიშვნები აქვს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არსებული კრიტერიუმებით შესყიდვაში მონაწილეობა მხოლოდ მსხვილ ოპერატორებს შეუძლიათ, რაც კონკურენციას ზღუდავს.
უჩა სეთური განმარტავს, რომ შესყიდვაში მონაწილეობისთვის საჭირო გამოცდილებასა და წლიური ბრუნვის კრიტერიუმს მხოლოდ მსხვილი ოპერატორები აკმაყოფილებენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ოუფენ ნეტმა“ შესყიდვის პირობები შეცვალოს და 4 ლოტი, უფრო მეტ ლოტად დაყოს, რაც მცირე კომპანიებს შესყიდვაში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.
"ამასთან, იმის მიუხედავად, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საკმაოდ ბევრ ოპტიკას აკეთებს დღეს და უკვე დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით, ერთჯერადად მათ არ აქვთ 50 კმ. ან უფრო მეტი ოპტიკის აგების გამოცდილება, რაც მიუთითებს, რომ ისინი ცალსახად გამოეთიშებიან ამ პროცესს.
კიდევ ერთი საკითხი - სრულიად შესაძლებელი იყო, რომ დაყოფილიყო ეს ლოტები უფრო მეტად, მაგალითად თითოეული ლოტი სამად და სულ ყოფლიყო 12 ლოტი. ეს არ გამორიცხავდა მსხვილი ოპერატორების მხრიდან გაერთიანებული ლოტების შეთავაზების შესაძლებლობას.
ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოსთვის უკეთესი შეთავაზების მიღების შესაძლებობაზე და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი (საშუალო ზომის) ოპერატორებს ექნებოდათ შესაძლებლობა ნაკლები თანხების შეთავაზებისა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი კონკურენციაში იქნებოდნენ მსხვილ ოპერატორებთან",- აცხადებს უჩა სეთური.

























