მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თოდუას კლინიკა“ სხვადასხვა ქვეყანაში წარმომადგენლობის გახსნაზე მუშაობს - გეგმები

63482b6a607ab
ვიქტორია მღებრიშვილი
14.10.22 10:25
1763
„თოდუას კლინიკა“ ქსელის გაფართოებასა და ქვეყნის გარეთ წარმომადგენლობების გახსნაზე მუშაობს. ბიზნესის განვითარების გეგმა 2-3 წლის სტრატეგიაშია გაწერილი და პირველ ბაზრებად შუა აზიის ქვეყნებს მოიაზრებს. ამის შესახებ „თოდუას კლინიკის“ გენერალურმა მენეჯერმა გიორგი დიასამიძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

მან ის მიზეზიც განმარტა, თუ რატომ შეაჩერა არჩევანი კლინიკის მენეჯმენტმა სწორედ ამ ბაზარზე.

„მომავალში ჩვენი კლინიკის წარმომადგენლობების გახსნას ვგეგმავთ, სადაც პაციენტები მისვლას და კონსულტაციის გავლას შეძლებენ. ეს მომდევნო 2-3 წლის გეგმაა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს შუა აზიის რამდენიმე ქვეყანასთან.

დღეისთვის, ამ ქვეყნებში, ძირითადად ონკოლოგიის მიმართულებით სერვისების მიწოდება მულტიდისციპლინური დარგია და ის არ გულისხმობს მხოლოდ ქირურგიას, ონკოლოგიას ან სხივურ თერაპიას. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ რეგიონში რამდენიმე კლინიკიდან ერთ-ერთი ვართ, სადაც სხვადასხვა დისციპლინის ერთ ჭერქვეშ პრინციპი ფუნქციონირებს, რაც ონკოლოგიური პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ქვეყნებში სწორედ ამ პრინციპის ნაკლებობა განაპირობებს იმას, რომ პაციენტები იწყებენ მოგზაურობას და სამედიცინო დახმარების ძიებას, მათ ქვეყნების ფარგლებს გარეთ“, - განმარტა გიორგი დიასამიძემ.

გენერალური მენეჯერი იმასაც ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კლინიკების ქსელის განვითარების გეგმაზეც მუშაობენ, თუმცა დეტალების გაჟღერებისგან ჯერ თავს იკავებს.

„ერთი თვის წინ თბილისში კიდევ ერთი ფილიალის გახსნაზე დავიწყეთ მუშაობა. ახალ ფილიალში ის მიმართულებები იქნება წარმოდგენილი, რომელიც აქამდე ჩვენს ფილიალებში არ გვქონია. ერთ-ერთ მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ რეაბილიტოლოგიაა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისციპლინაა მედიცინაში. ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ ეტაპს, როდესაც ეს დარგი ქვეყანაში საკმაოდ მოთხოვნადია და ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან. ჩვენ ამ დარგის განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანა გვინდა“, - განაცხადა „თოდუას კლინიკის“ ხელმძღვანელმა.