მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტომ ბრეიდის საათების და ნივთების კოლექცია Sotheby’s-ზე $9 მილიონად გაიყიდა

ტომ ბრეიდი

მიმდინარე კვირას, სააუქციონო სახლ Sotheby’s-მა ამერიკული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიჩნეული ტომ ბრეიდის საათების და ნივთების კოლექცია გასაყიდად გამოიტანა.

ორმოცდაერთი ლოტისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც Sotheby’s-ის ნიუ-იორკის ოფისში გამოიფინა, $9 მილიონად გაიყიდა, რაც მცირედით, კერძოდ $100,000-ით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე პროგნოზირებული იყო.

აუქციონისთვის Sotheby’s-ის რვაასი კლიენტი დარეგისტრირდა, რომელთა თითქმის ნახევარი ორმოც წლამდე ასაკის იყო, რაც მიანიშნებს, რომ ტომ ბრეიდის ნივთებით, ისევე, როგორც, ზოგადად, სპორტული სამახსოვრო ნივთებით, უმეტესწილად, მილენიალები და GenZ-თაობის წარმომადგენლები ინტერესდებიან.

აღნიშნულ აუქციონში NFL-ის მრავალგზის ჩემპიონი პირადად იყო ჩართული და ნივთების შესახებ სოციალურ ქსელებში არაერთხელ დაუწერია, სადაც სპორტსმენს კუმულაციურად ოცდაათ მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ტომ ბრეიდი Sotheby’s-ის სააუქციონო სახლშიც იმყოფებოდა, სადაც აუქციონის დაწყებამდე მონაწილეებს პირადად ესაუბრა. საბოლოო ჯამში, აუქციონზე გაიყიდა, როგორც ტომ ბრეიდის საათების კოლექციის ნაწილი, ასევე სპორტული მაისურები და სხვა ნივთები, რომლებიც უშუალოდ ამერიკული ფეხბურთის ლეგენდასთან იყო დაკავშირებული.

პირველად, აუქციონზე ტომ ბრეიდის მიერ თამაშის დროს გამოყენებული ჩაფხუტი გამოვიდა, რომლის სავარაუდო ფასი $60,000 იყო, მაგრამ ლოტი, საბოლოო ჯამში, $102,000-ად გაიყიდა. საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ფასი ტომ ბრეიდის კოლეჯის გუნდის მაისურმაც დააფიქსირა, რომელიც $500,000-ის ნაცვლად $792,000-ად გაიყიდა. ბურთი, რომლითაც ტომ ბრეიდიმ პასების მანძილის რეკორდი დაამყარა $120,000-ად იყო შეფასებული, მაგრამ $216,000-ად გაიყიდა. თუმცა მთავარი საფასო რეკორდები მაინც ტომ ბრეიდის საათების კოლექციამ დაამყარა, რომელშიც შვეიცარიული ჟამთაღწერის ინდუსტრიის რამდენიმე მშვენიერი წარმომადგენელი მოხვდა.

ჩამონათვალის ლიდერი 18-კარატიანი ოქროსგან დამზადებული Rolex Daytona აღმოჩნდა, რომელიც $1.14 მილიონად გაიყიდა. მეორე ადგილი სპეციალურად ტომ ბრეიდისთვის შექმნილი Audemars Piguet Royal Oak-ი მოხვდა, რომელიც $720,000-ად გაიყიდა. გაყიდულ ლოტებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს Patek Philippe-ის ოქროს ჯიბის საათი, რომელიც შვეიცარიულმა მესაათემ ჯერ კიდევ 1917 წელს შექმნა — ეს საათი $264,000-ად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები