ტომ ჰოლანდი კინოგაქირავების ახალი რეკორდსმენია. 30 წლის მსახიობი ამჟამად კინოთეატრებში ორ მსხვილ პროექტში მონაწილეობს „ოდისეაში“ (The Odyssey) და „ადამიანი ობობა: სრულიად ახალი დღე“ (Spider-Man: Brand New Day). ორივე ფილმი კინოგაქირავებაში რეკორდებს ამყარებს.
თუმცა ამ ორი ფილმის წარმატებით ტომ ჰოლანდმა რეკორდიც დაამყარა და კინოგაქირავების ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა.
ვინაიდან „ადამიანი ობობა: სრულიად ახალი დღე“ აგრძელებს მილიონების გამომუშავებას, ტომ ჰოლანდი კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიან ვარსკვლავებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა. მისი მონაწილეობით გამოსული ფილმების საერთო შემოსავალმა $15,5 მილიარდს მიაღწია.
გასულ უქმეებზე „ადამიანი ობობა: სრულიად ახალი დღე“-მ მსოფლიო მასშტაბით დამატებით $27,4 მილიონი გამოიმუშავა და ფილმის საერთო შემოსავალმა $2,452 მილიარდს მიაღწია.
ტომ ჰოლანდის მონაწილეობით გადაღებული „ადამიანი ობობის“ მეოთხე ფილმი უკვე ყველა დროის მესამე ყველაზე შემოსავლიანი ფილმია. ამასთან, ის შესაძლოა ადგილობრივ, ამერიკულ კინოგაქირავებაშიც რეკორდსმენი გახდეს. ამისთვის ფილმს კიდევ $18,9 მილიონის გამომუშავება სჭირდება, რათა „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძებას“ (Star Wars: The Force Awakens) გადაასწროს.
რაც შეეხება კრისტოფერ ნოლანის „ოდისეას“, ფილმმა გასულ უქმეებზე მსოფლიო მასშტაბით დამატებით $34,4 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო მისი საერთო შემოსავალი უკვე $1,68 მილიარდს შეადგენს.
ამ შედეგებით ტომ ჰოლანდმა Marvel-ის კიდევ რამდენიმე ვარსკვლავს გადაასწრო და კინოგაქირავების ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობის სტატუსი მოიპოვა.
ამ წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ამ რეიტინგში პირველ ადგილს ზოი სალდანა იკავებდა. მას ლიდერობა „ავატარის“ ახალი ფილმის - Avatar: Fire and Ash, წარმატების შემდეგ ერგო. მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმების კუმულაციურმა შემოსავალმა $15,468 მილიარდი შეადგინა.
სალდანამ მანამდე რეკორდსმენ სკარლეტ იოჰანსონს გადაასწრო, რომლის ფილმების საერთო შემოსავალმაც $15,401 მილიარდი შეადგენდა.
ყველაზე მაღალშემოსავლიან მსახიობებს შორის არიან ასევე სამუელ ლ. ჯექსონი $14,6 მილიარდით, რობერტ დაუნი უმცროსი $14,3 მილიარდით, და კრის პრატი $14,1 მილიარდით.
აღსანიშნავია, რომ კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობები ყველა Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს - MCU-ს ნაწილია. სწორედ Marvel-ის ფილმები იკავებენ მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგის არაერთ პოზიციას. მაგალითისთვის „შურისმაძიებლები: დასასრული“ (Avengers: Endgame) ყველა დროის მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია, ხოლო „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (Avengers: Infinity War) მეექვსე.
























