მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ-10 ძვირად ღირებული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

639739f027114
ირაკლი მოდებაძე
13.12.22 00:05
730
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მუნდიალზე არაერთი ნაკრებია ისეთი, რომლის შემადგენლობაშიც უძვირფასესი ფეხბურთელები თამაშობენ. ჯგუფური ეტაპის, მერვედფინალებისა და მეოთხედფინალების დასრულების შემდეგ, ტურნირზე მოცემულ რეიტინგში შემავალი მხოლოდ ორი ნაკრებია დარჩენილი. მოკლედ მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე იმ ნაკრებებზე მოგიყვებით, რომელთა შემადგენლობაშიც ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეები ასპარეზობენ.

10. ბელგია – €562 მილიონი

ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე: კევინ დე ბრუინი (€80 მილიონი)
ბელგიის ე.წ. "ოქროს თაობა" ჯგუფში ჩარჩა, რაც უმრავლესობისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. გასული მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, სადაც ,,ეშმაკებმა’’ მესამე ადგილი მოიპოვეს, წელს ბელგიელებმა საშინელი შედეგი აჩვენეს. არადა მათ პროგრამა მინიმუმად ნახევარფინალი ჰქონდათ დასახული.

9. ურუგვაი – €590 მილიონი

ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე: ფედერიკო ვალვერდე (€100 მილიონი)
ეს ნაკრები უსამართლო მსაჯობის მსხვერპლია. ურუგვაი თავისი მებრძოლი ხასიათით ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მონაწილე იყო და ამ ეტაპის გადასალახად მათ ყველაფერი გააკეთეს. ძალიან სამწუხაროა, რომ არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებებმა ისინი ტურნირს მიღმა დატოვა.


8. არგენტინა – €748 მილიონი

ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე: ლაუტარო მარტინესი (€75 მილიონი)
"ალბისელესტე" ნანატრი ჩემპიონობისკენ წინ სრული სვლით მიიწევს. მათი ლიდერი, ლეგენდარული ლიონელ მესი დიდი ალბათობით თავის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს თამაშობს და მთელი მსოფლიო იმედოვნებს, რომ ის ამჯერად მაინც აიხდენს თავის უდიდეს ოცნებას და დაისაკუთრებს უძვირფასეს საფეხბურთო ჯილდოს.

7. ნიდერლანდები – €756 მილიონი

ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე: მატიას დე ლიხტი (€70 მილიონი)
დრამა - ალბათ ყველაზე მეტად ეს სიტყვა შეეფერება ნიდერლანდელთა ასპარეზობას. ჯგუფური ეტაპისა და მერვედფინალის ძალიან მარტივად გადალახვის შემდეგ ისინი ზემოთ ხსენებულ არგენტინის ნაკრებს გადაეყარნენ და უდაძაბულეს მატჩში, პენალტების სერიით გამოეთიშნენ ასპარეზობას. ეს ალბათ მათ საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი იყო.

6. გერმანია – €1.020 მილიარდი

ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე: ჯამალ მუსიალა (€100 მილიონი)
გერმანელები გასულ მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩნენ და ამ რეზულტატით მსოფლიო შოკში ჩააგდეს. წელს კი მათ ასპარეზობას ენთუზიაზმი არ ეტყობოდა და შედეგიც შესაბამისად სამარცხვინო დააფიქსირეს. ისინი ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩნენ. ეს კი ისეთი ტრადიციული და ტიტულოვანი საფეხბურთო ქვეყნისთვის, როგორიც გერმანიაა ყველაზე მიუღებელი და ცუდი შედეგია, რაც კი ოდესმე უჩვენებიათ.

5. პორტუგალია – €1.154 მილიარდი

ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე: რაფაელ ლეაო (€85 მილიონი)
ამ ტურნირზე პორტუგალიელთა ბედიც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუ თავის უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატს თამაშობდა და მაყურებელსაც იმედი ჰქონდა, რომ ფინალშიც ის იასპარეზებდა, თუმცა გეგმები მაროკოელებმა არიეს. აფრიკელებმა მინიმალური ანგარიშით 1-0 გამოთიშეს პორტუგალიელები და რონალდუს ოცნებაც აქ დაამსხვრიეს.

4. ესპანეთი – €1.201 მილიარდი

ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე: პედრი (€100 მილიონი)
დიდებული ვეტერანებითა და ახალგაზრდა ტალანტების ნაზავით ეს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი აშკარა ფავორიტი იყო. მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთვის ყველაფერი გეგმის მიდიოდა, სანამ პორტუგალიელთა მსგავსად, მათ გზაც მაროკოს ნაკრები არ გამოჩნდა. ჩრდილოეთ აფრიკელებმა ევროპელების შემოტევებს გაუძლეს და საქმე საფეხბურთო ლატარეამდე მიიყვანეს. პენალტების შესრულებაში უძლიერესი სწორედ მაროკო გამოდგა და დამსახურებულადაც გავიდა შემდეგ ეტაპზე.

3. საფრანგეთი – €1.337 მილიარდი

ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე: კილიან მბაპე (€160 მილიონი)
არგენტინასთან ერთად მეორე საფეხბურთო ნაკრები, რომელიც აგრძელებს ტურნირზე გამოსვლას საფრანგეთია. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის მთავარი მიზანი ტიტულის დაცვაა, ამისთვის კი მათ ყველანაირი რესურსი გააჩნიათ. ყველაფერი, რომ გვერდზე გადავდოთ მათ რიგებში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე კილიან მბაპე ასპარეზობს, რომელიც ჩინებულ ტურნირს ატარებს.

2. ბრაზილია – €1.455 მილიარდი

ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე: ვინისიუს ჯუნიორი (€120 მილიონი)
ფიფას რეიტინგის პირველი ნომერი ჩემპიონატზე მთავარი ფავორიტის სტატუსით გაემგზავრა და ამ სტატუსს ამართლებდა კიდეც სანამ კერკეტ ხორვატიის ნაკრებს არ გადაეყარა. ბალკანელებთან მატჩშიც ბრაზილიელები დომინირებდნენ, თუმცა ხორვატებმა გაძლეს და თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანეს. მატჩის ამ ეტაპზე კი უძლიერესები სწორედ ევროპელები აღმოჩნდნენ.

1. ინგლისი – €1.499 მილიარდი

ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე: ფილ ფოდენი (€110 მილიონი)
ალბათ ამ ტიპის რეიტინგში ინგლისელთა პირველი ადგილი ბევრს არ გაკვირვებია, მაგრამ კარგი იქნებოდა იგივეს თქმა წმინდა საფეხბურთო კუთხითაც, რომ შეგვეძლოს. მსოფლიოს უძვირფასესი ლიგის მქონე ქვეყანას, რომ ფინანსური კუთხით და მოთამაშეებით არ გაუჭირდებოდა ფაქტია, მაგრამ ტურნირზე მათგან ყოველთვის მეტს მოველით. მეოთხედფინალში ,,სამეფოს’’ წარმომადგენლები ფრანგებს შეხვდნენ და ანგარიშით 2-1 დამარცხდნენ, არადა ინგლისელებს მატჩის ბედის სხვაგვარად გადაწყვეტაც შეეძლოთ, თუმცა მოცემული შანსები ვერ გამოიყენეს.

ათეულში შემავალი ნაკრებებიდან 1 მილიარდ ევროზე მაღალი საბაზრო შეფასება ექვსი ქვეყნის შემადგენლობას აქვს. საერთო ჯამში კი ტოპ-10 ძვირად ღირებული გუნდის საბაზრო ღირებულება 10.3 მილიარდ ევროს აღემატება. ყველაზე "იაფასიანი’’ შემადგენლობით კი მიმდინარე ტურნირზე კოსტა-რიკის ეროვნულმა ნაკრებმა იასპარეზა, რომელთა გუნდის ჯამური ღირებულება 23 მილიონ ევროს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები