"ქლაუდ" ტექნოლოგიებისა და სხვა ციფრული სერვისების განვითარებით, მონაცემთა ცენტრები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიად იქცა.
ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Amazon და Google, ოპერირებისთვის მასშტაბურ მონაცემთა ცენტრებზე არიან დამოკიდებული. ელექტროენერგიის კვლევითი ინსტიტუტის ანალიზის თანახმად, მათ მონაცემთა ცენტრების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება, Meta-სთან და Microsoft-თან ერთად, აშშ-ში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.
მოსალოდნელია, რომ ხელოვნური ინტელექტისადმი მზარდი მოთხოვნის პარალელურად, მონაცემთა ცენტრების გამოყენება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდება.
გთავაზობთ TOP-10 ქვეყანას, მოქმედი მონაცემთა ცენტრების რაოდენობის მიხედვით (Cargoson-ის რეიტინგი).
| ქვეყანა | მონაცემთა ცენტრების რაოდენობა | |
|---|---|---|
| 1 | აშშ | 5 427 |
| 2 | გერმანია | 529 |
| 3 | გაერთიანებული სამეფო | 523 |
| 4 | ჩინეთი | 449 |
| 5 | კანადა | 337 |
| 6 | საფრანგეთი | 322 |
| 7 | ავსტრალია | 314 |
| 8 | ნიდერლანდები | 298 |
| 9 | რუსეთი | 251 |
| 10 | იაპონია | 222 |
2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, შეერთებულ შტატებს 5 427 მონაცემთა ცენტრი აქვს, რაც მას მსოფლიოში მონაცემთა ცენტრების უდიდეს ბაზრად აქცევს მნიშვნელოვანი უპირატესობით. გლობალურად, 12 000-ზე მეტი მოქმედი მონაცემთა ცენტრია, შესაბამისად, აშშ-ზე მსოფლიო მასშტაბით არსებული ყველა ობიექტის 45% მოდის.
ევროპის 44 ქვეყანაში ჯამურად 3 346 მონაცემთა ცენტრი ოპერირებს. რეგიონში ლიდერები გერმანია და გაერთიანებული სამეფო არიან.
რაც შეეხება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს, აქ 1 818 ცენტრი მუშაობს, ჩინეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერობით.
სამხრეთ ამერიკის რეგიონში მოქმედი მონაცემთა ცენტრების რაოდენობა 654-ია, აქედან ყველაზე მეტი - ბრაზილიაში. ოკეანეთში კი - 401 მონაცემთა ცენტრია.
Statista-ს მონაცემებით, მონაცემთა ცენტრების გლობალური ბაზარი 2025 წელს $527.46 მილიარდად შეფასდა და პროგნოზით, 2030 წლისთვის ის $739.05 მილიარდს მიაღწევს.
წელსვე, მონაცემთა ცენტრების სისტემებზე დანახარჯებმა $489.5 მილიარდი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 46.8%-იან ზრდას წარმოადგენს.
ამასთან, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით, გლობალურმა მონაცემთა ცენტრებმა 2024 წელს 415 ტერავატ/საათ (TWs) ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც მსოფლიო ელექტროენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 1.5%-ს შეადგენს.




























