მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ყავას აწარმოებს

ყავა

ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, უკვე 11 წელია, 1 ოქტომბერი მსოფლიოს მასშტაბით ყავის საერთაშორისო დღედ მოინიშნა. ყოველწლიური აღნიშვნა მიზნად ამ სასმლის პოპულარიზაციას, სამართლიანი ვაჭრობების პრინციპების დამკვიდრებასა და ყავის მომყვანი ფერმერების წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ყავის უმსხვილესი მწარმოებლები ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში მდებარეობენ.

ლათინური ამერიკა (მათ შორის ბრაზილია, კოლუმბია, მექსიკა, ჰონდურასი, გვატემალა და პერუ) მსოფლიო ყავის 55.5%-ს, ხოლო არაბიკას სახეობის 80%-ს აწარმოებს. თითოეული ქვეყანა ყავის სხვადასხვა ჯიშს, მოყვანის უნიკალურ პრაქტიკასა და დამუშავების განსხვავებულ მეთოდებს იყენებს. ყავის უდიდესი ნაწილი ე.წ. "ყავის სარტყელში" იზრდება, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ყავას საერთოდ არ აწარმოებს.

მსოფლიოს 10 წამყვანი ქვეყანა ყავის წარმოების მიხედვით:

1. ბრაზილია

ბრაზილია მსოფლიოში ყავის უმსხვილესი მწარმოებელია და მასზე გლობალური მოსავლის დაახლოებით ერთი მესამედი მოდის. 2024/2025 წელს ბრაზილიის მოსავალი 69.9 მილიონ 60-კილოგრამიან ტომარად იყო ნავარაუდები, თუმცა გვალვებისა და ტყის ხანძრების გამო პროგნოზი 66.4 მილიონ ტომარამდე შემცირდა.

ქვეყნის წამყვანი რეგიონებია მინას-ჟერაისი, სან-პაულუ და პარანა. ბრაზილიაში ძირითადად არაბიკა და რობუსტა მოჰყავთ, ძირითად ჯიშებს შორისაა "Mundo Novo", "Catuáí", "Bourbon" და "Typica". მოსავლის აღება მაისიდან სექტემბრამდე მიმდინარეობს, დამუშავების ყველაზე გავრცელებული მეთოდი კი ბუნებრივი (მშრალი) წესია. ბრაზილია 150 წელზე მეტია ინარჩუნებს მსოფლიოს ნომერ პირველი მწარმოებლისა და ექსპორტიორის სტატუსს.

2. ვიეტნამი

ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICO) მონაცემებით, ვიეტნამი მსოფლიოში სიდიდით მეორე მწარმოებელი და რობუსტას უმსხვილესი მიმწოდებელია (მასზე რობუსტას გლობალური წარმოების თითქმის 40% მოდის). 2024/2025 წლებში ქვეყნის წარმოება 29 მილიონ 60-კილოგრამიან ტომარას შეადგენს. მოსავლის 90%-ზე მეტი ცენტრალური მთიანეთის რეგიონზე (დაკ-ლაკის, ლამ-დონგისა და ზია-ლაის პროვინციები) მოდის.

ვიეტნამური წარმოების 95%-ზე მეტს სწორედ რობუსტა შეადგენს. მოსავლის აღების სეზონი ოქტომბრიდან დეკემბრამდე გრძელდება, მარცვლებს კი ხელით, შერჩევითი მეთოდით კრეფენ.

3. კოლუმბია

კოლუმბია მსოფლიოში პრემიუმ ხარისხის არაბიკას წამყვან მწარმოებლად არის აღიარებული. 2024/2025 წლებში ქვეყნის მოსავალმა 14.8 მილიონ ტომარას მიაღწია, რამაც ექსპორტიდან 3.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიტანა. ყავა ძირითადად ანდების მთებში, 800-დან 2 000 მეტრ სიმაღლეზე, ვულკანურ ნიადაგზე მოჰყავთ. ძირითადი ჯიშებია "Caturra", "Castillo", "Colombia" და "Typica".

კოლუმბიური ყავა ძირითადად მცირე საოჯახო ფერმებში მოჰყავთ და სველი (გარეცხილი) მეთოდით მუშავდება, რაც მას სუფთა და მკვეთრ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს. კოლუმბიიდან ყავის მთავარი იმპორტიორი აშშ-ია - აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ყავის იმპორტის დაახლოებით 27% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის.

4. ეთიოპია

არაბიკას სამშობლო ეთიოპია მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს და გლობალური წარმოების 3-5%-ს უზრუნველყოფს. 2024/2025 წლებში ქვეყნის წარმოებამ რეკორდულ 11.46 მილიონ ტომარას მიაღწია, რაც დაბერებული პლანტაციების მაღალმოსავლიანი ჯიშებით ჩანაცვლებამ განაპირობა. წამყვანი რეგიონებია სიდამო, ირგაჩეფი და ჰარარი.

ფერმების უმეტესობა ტრადიციულ, ორგანულ და ჩრდილში მოყვანის მეთოდებს იყენებს. მოსავლის აღება ოქტომბრიდან დეკემბრამდე ხელით მიმდინარეობს, დამუშავებისთვის კი როგორც მშრალ, ისე სველ მეთოდს მიმართავენ.

5. ინდონეზია

ინდონეზია წელიწადში დაახლოებით 700 000 ტონა ყავას აწარმოებს. წამყვანი საწარმოო რეგიონებია სუმატრა, იავა და სულავესი. ქვეყანა აწარმოებს ყავის ოთხივე ძირითად სახეობას: არაბიკას, რობუსტას, ლიბერიკასა და ექსცელსას.

ინდონეზიაში ყავის კრეფის სეზონი ძირითადად აპრილიდან ოქტომბრამდე გრძელდება. აქ გამოიყენება დამუშავების უნიკალური ტრადიციული მეთოდი - "Giling Basah" (ნახევრად სველი გაფცქვნა), რაც ინდონეზიურ ყავას დაბალი მჟავიანობით, სავსე სხეულითა და სანელებლების არომატით გამოარჩევს.

6. უგანდა

უგანდა აფრიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია - 2024/2025 წლებში მოსავალი 6.9 მილიონ ტომარას შეადგენს. წარმოების 85%-ზე მეტი რობუსტაზე მოდის.

უგანდაში ყავა ხშირად ბანანის ხეებთან ერთად მოჰყავთ (შერეული კულტივაცია), რაც ნიადაგის ნაყოფიერებას უწყობს ხელს და ფერმერებისთვის უფრო მომგებიანია. მოსავალს ხელით კრეფენ, გადამუშავებისთვის კი სველ, მშრალ და თაფლისებრ მეთოდებს იყენებენ.

7. ინდოეთი

ინდოეთი მეშვიდე ადგილს იკავებს და ცნობილია ჩრდილში მოყვანილი ყავით. 2024/2025 წლებში ქვეყნის წარმოებამ 363 500 მეტრულ ტონას მიაღწია. ძირითადი რეგიონებია კარნატაკა, კერალა და ტამილნადუ.

ინდოეთში ყავას ხშირად სანელებლების (ილი, წიწაკა) პლანტაციებთან ერთად აშენებენ, რაც მარცვლებს გამორჩეულ გემოს სძენს. კრეფის სეზონი ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება.

8. ჰონდურასი

ჰონდურასი ცენტრალური ამერიკის უმსხვილესი და მსოფლიოში მე-8 მწარმოებელია. 2024/2025 წლებში მოსავალი 5.52 მილიონ ტომარას შეადგენს. ქვეყანა თითქმის ექსკლუზიურად არაბიკას აწარმოებს.

ყავა მცირე და საშუალო ზომის ფერმებში, ჩრდილში იზრდება. მოსავლის აღება ოქტომბრიდან მარტამდე ხელით მიმდინარეობს, დამუშავების ძირითადი მეთოდები კი სველი და თაფლისებრია.

9. პერუ

პერუ სერტიფიცირებული ორგანული და სამართლიანი ვაჭრობის ("Fair Trade") არაბიკას მსოფლიოში წამყვანი ექსპორტიორია. 2024/2025 წლებში ქვეყნის საექსპორტო პროგნოზი 4.07 მილიონი ტომარაა. წამყვანი რეგიონებია ხუნინი, სან-მარტინი, კახამარკა და ამაზონასი.

მოსავალი მცირე ფერმებში, მაისიდან სექტემბრამდე ხელით იკრიფება და ძირითადად სველი ან თაფლისებრი მეთოდით მუშავდება.

10. მექსიკა

მექსიკა მსოფლიოს საუკეთესო ათეულს ხურავს. 2024/2025 წელს ქვეყნის წარმოება 3.89 მილიონ ტომარას შეადგენს. ძირითადი რეგიონებია ჩიაპასი, ვერაკრუსი, პუებლა და ოახაკა.

მექსიკაში ძირითადად რბილი გემოსა და მდიდარი არომატის მქონე არაბიკას აწარმოებენ. პლანტაციების უმეტესობა ჩრდილშია გაშენებული და ორგანული მიწათმოქმედების პრინციპებს ეფუძნება. მოსავლის აღება სექტემბრიდან მარტამდე გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები