ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2 529 517 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო 21%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელზე. შესაბამისად პანდემიამდე პერიოდთან შედარებით აღდგენა 78.3%-ია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველ და მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით თურქეთი ლიდერობს, საიდანაც 582 527 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 122%-ს აღემატება, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 16.6%-ია. მეორე ადგილზეა რუსეთი, საიდანაც 577 632 ვიზიტი განხორციელდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 134%-ს შეადგენს, თუმცა 16.5%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. მესამე ადგილს 397 116 ვიზიტით სომხეთი იკავებს, ზრდა 103%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 25.2%-ით ნაკლებია.
მეოთხე ადგილზეა ისრაელი, საიდანაც პირველ და მეორე კვარტალში 106 530 ვიზიტი განხორციელდა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 26%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 38%-ით მეტია. მეხუთე ადგილს კი იკავებს აზერბაიჯანი, საიდანაც 85 777 ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 29.2%-ია, ხოლო 86.2%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.
მე-6 - უკრაინა - 67 040 ვიზიტი [-5.4%]
მე-7 - ყაზახეთი 57 771 ვიზიტი [27.3%]
მე-8 - ირანი 50 932 ვიზიტი [36.8%]
მე-9 - ბელარუსი 44 570 ვიზიტი [6.2%]
მე-10 - პოლონეთი 36 103 ვიზიტი [139.4%]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2023 წლის ორ კვარტალში, ტურისტთა ნაკადების ზრდას მარკეტინგულ კამპანიებსა და ავიარეისების დამატებას უკავშირებს.
„ტურისტთა რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. ეს არის მარკეტინგული აქტივობები, რომელსაც მუდმივად ვახორციელებთ სამიზნე ბაზრებზე: ევროპაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ისრაელში. აღსანიშნავია, რომ გვაქვს პირდაპირი მიმოსვლა ევროპის ქალაქებთან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატა ახალი მიმართულებები ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე გაიზარდა არსებული რეისების სიხშირეები, შედეგად ვფიქრობ, წლევანდელი ზაფხულის სეზონი ძალიან წარმატებული იქნება“,-განაცხადა მაია ომიაძემ.