გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 90% საზღვაო გზებზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ თანამედროვე ეკონომიკის ფუნქციონირება სრულად არის დამოკიდებული რამდენიმე კრიტიკულ სატრანსპორტო დერეფანზე, არხსა და სრუტეზე. ეს მარშრუტები მსოფლიო ეკონომიკის საყრდენი სისტემაა, რომლებიც პირდაპირ განსაზღვრავს ენერგორესურსების ფასებს, ტვირთის გადაზიდვის ტარიფებსა და სამომხმარებლო პროდუქციის მიწოდების უწყვეტობას. მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მარშრუტის ანალიზი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ მოძრაობს საერთაშორისო კომერცია და სად იქმნება ძირითადი რისკები.
მსოფლიოს ყველაზე კრიტიკულ საზღვაო გამტარად მალაკის სრუტე რჩება - ვიწრო საწყლოსნო დერეფანი, რომელიც მალაკის ნახევარკუნძულსა და კუნძულ სუმატრას შორის 800 კილომეტრზეა გადაჭიმული. სინგაპურთან მდებარე ფილიპსის არხის ყველაზე ვიწრო მონაკვეთში სრუტის სიგანე სულ რაღაც 2.8 კილომეტრს შეადგენს. ასეთი შეზღუდული პარამეტრების მიუხედავად, მარშრუტზე წელიწადში დაახლოებით 94,000 გემი გადის, დღიური გამტარუნარიანობა 220–250 ერთეულია, ხოლო ტვირთბრუნვის ჯამური ღირებულება 3.5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ეს დერეფანი გლობალური ვაჭრობის დაახლოებით მესამედს და მსოფლიო ნავთობით ვაჭრობის თითქმის 25%-ს ატარებს.
ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის გამავალი 193-კილომეტრიანი სუეცის არხი გლობალური ლოგისტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინჟინრო მიღწევაა, რომელმაც აფრიკის კონტინენტის შემოვლით მარშრუტთან შედარებით გზა 7,000 კილომეტრით და 10 დღით შეამცირა. არხი გლობალური ვაჭრობის 12–15%-ს ატარებს, რაც წელიწადში 20,000-ზე მეტ გემს და 1.3 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთს მოიცავს.
წყნარი ოკეანის ტრანსპაციფიკური მარშრუტი, რომლის სიგრძე დაახლოებით 9,000 კილომეტრია, მსოფლიოში ყველაზე დატვირთული საკონტეინერო დერეფანია და აღმოსავლეთ აზიის საწარმოო ცენტრებს ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთან აკავშირებს. მარშრუტის წლიური სავაჭრო ღირებულება 2.5 ტრილიონ დოლარზე მეტია, ხოლო დღიური ნაკადი 300-დან 500 გემამდე მერყეობს.
ჩრდილოატლანტიკური მარშრუტი, რომლის სიგრძე დაახლოებით 6,000 კილომეტრია, ჩრდილოეთ ამერიკისა და ჩრდილოეთ ევროპის ეკონომიკურ ცენტრებს შორის კავშირის მთავარი საყრდენია. დერეფანი უზრუნველყოფს 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მაღალტექნოლოგიური პროდუქციის, ფარმაცევტული ნაწარმის, პრემიუმ ავტომობილებისა და ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის მიმოქცევას, სადაც დღიურად დაახლოებით 400 გემი გადაადგილდება.
ცენტრალურ ამერიკაში გამავალი 82-კილომეტრიანი პანამის არხი ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის უმნიშვნელოვანეს შემაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს, რაც გემებს ჰორნის კონცხის შემოვლით 15,000-კილომეტრიან რთულ მარშრუტს არიდებს თავიდან. არხი წელიწადში დაახლოებით 14,000 გემის ტრანზიტსა და 270 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პირდაპირ ტვირთბრუნვას ემსახურება. თუმცა, რადგან ყოველი გემის გატარება ტბებიდან 200,000 კუბურ მეტრზე მეტ მტკნარ წყალს მოითხოვს, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული გვალვები ხშირად ზღუდავს დღიურ ტრანზიტებსა და გემების მაქსიმალურ დატვირთვას.
აზია-ევროპის მარშრუტი, რომლის სიგრძე დაახლოებით 22,000 საზღვაო კილომეტრს შეადგენს, მსოფლიოში ყველაზე გრძელი რეგულარული საკონტეინერო მაგისტრალია. მარშრუტი ყოველწლიურად 1 მილიარდ ტონაზე მეტ ტვირთს ატარებს, რომლის ჯამური ღირებულება 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. აზია-ევროპის მარშრუტი ერთი კონკრეტული საზღვაო ზოლი კი არა, სერვისების კომპლექსური ქსელია, რომელსაც მსოფლიოს უმსხვილესი საკონტეინერო ალიანსები მართავენ.
ჰორმუზის სრუტე პლანეტის მთავარი ენერგეტიკული არტერიაა, რომლის სიგანე ყველაზე ვიწრო სანაოსნო წერტილში სულ რაღაც 33 კილომეტრია. ჩვეულებრივ, სრუტეზე დღეში დაახლოებით 21 მილიონი ბარელი ნავთობი - რაც მსოფლიო მოხმარების 20–21%-ია - და გლობალური გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) 20% გადის, რაც ჯამში 1.2 ტრილიონ დოლარზე მეტ წლიურ ენერგეტიკულ ღირებულებას ქმნის. სრულფასოვანი ალტერნატიული მილსადენების არარსებობის გამო, ეს მონაკვეთი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გეოპოლიტიკური დაძაბულობის, გემების დაკავებისა და სადაზღვევო რისკების ზრდის მიმართ.
სამხრეთ ჩინეთის ზღვის მარშრუტი უმსხვილესი სავაჭრო გზაჯვარედინია, რომელიც წელიწადში 3.5 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთბრუნვას ემსახურება, დღეში 300-დან 350 გემამდე გამტარუნარიანობით. ნედლეულისა და სამრეწველო საქონლის გარდა, მომიჯნავე ტაივანის სრუტეზე გლობალური საკონტეინერო ფლოტის დაახლოებით 48% გადის.
აფრიკის სამხრეთით გამავალი 12,000-კილომეტრიანი კეთილი იმედის კონცხის მარშრუტი გლობალური საზღვაო ქსელის მთავარი სარეზერვო ხაზია. სტანდარტულ პირობებში იგი დღეში 100–120 გემს ემსახურება და წლიური ტვირთბრუნვა 400–500 მილიარდ დოლარს შეადგენს. მართალია, ეს გზა თავისუფალია ვიწრო სრუტეებისგან, მაგრამ აზია-ევროპის მარშრუტს დამატებით 6,500 საზღვაო კილომეტრსა და რამდენიმე დღეს მატებს, რაც საწვავისა და ლოგისტიკურ ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.
წითელი ზღვისა და ბაბ-ელ-მანდების 1,900-კილომეტრიანი დერეფანი ინდოეთის ოკეანეს სუეცის არხთან აკავშირებს. თავად ბაბ-ელ-მანდების სრუტის სიგანე ყველაზე ვიწრო ადგილას 29 კილომეტრია. მარშრუტი ნორმალურ პირობებში წელიწადში 17,000-დან 21,000-მდე გემს ატარებს და 700 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთბრუნვას განკარგავს.
ეს ათი საზღვაო დერეფანი საერთაშორისო ვაჭრობის ფუნდამენტურ ჩარჩოს ქმნის. მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიური და ლოგისტიკური განვითარებისა, გლობალური ეკონომიკა კვლავ არსებითად არის დამოკიდებული რამდენიმე ვიწრო არხსა და სრუტეზე. კომერციულ მოცულობებს, კლიმატურ ფაქტორებსა და გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას შორის არსებული მყიფე ბალანსი განაპირობებს იმას, რომ ნებისმიერი ლოკალური შეფერხება მყისიერ რეზონანსს მთელ მსოფლიო ბაზარზე პოვებს.




























