„იუნიქორნის“ სტატუსი სტარტაპებისთვის წარმატების მწვერვალად ითვლება, თუმცა ბოლო წლებია, მილიარდ დოლარზე მეტი კაპიტალიზაციის მქონე კერძო კომპანიების კლუბი ისეთი ტემპით აღარ იზრდება, როგორც ადრე. 2021-2022 წლების თავბრუდამხვევი პერიოდი, როცა ვენჩურული კაპიტალი მდინარესავით მოედინებოდა, გაცილებით ფრთხილმა და ზომიერმა რეალობამ ჩაანაცვლა.
2025 წლისთვის ინვესტორები უფრო ფრთხილები გახდნენ, დაფინანსების ეტაპები - უფრო შერჩევითი, კომპანიების შეფასებები კი - უფრო რეალისტური. ამ საერთო შენელების ფონზე, ხელოვნური ინტელექტის სექტორი გამონაკლისია. ის კაპიტალისა და ტალანტებისთვის ნამდვილ მაგნიტად იქცა და აქტიურად ვრცელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა, ფინანსები და კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფა.
2025 წელს „იუნიქორნის“ სტატუსი 117-მა კერძო კომპანიამ მოიპოვა. BestBrokers-ის გუნდმა გადაწყვიტა გაერკვია, რომელი ინდუსტრიები ბადებენ ყველაზე მეტ ახალ „იუნიქორნს“ და რომელი კომპანიები იქცევენ ინვესტორთა ყველაზე დიდ ყურადღებას. აღმოჩნდა, რომ წლის ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპების ათეულში მხოლოდ AI სექტორია წარმოდგენილი, კომპანიების უმრავლესობა კი აშშ-დან მოდის.
Thinking Machines Lab - $12,000,000,000
სან-ფრანცისკოში ბაზირებული Thinking Machines Lab $12 მილიარდიანი შეფასებით 2025 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპია. კომპანია OpenAI-ს ყოფილმა ტექნოლოგიურმა დირექტორმა, მირა მურატიმ დააფუძნა. სტარტაპი ახალი თაობის AI მოდელებზე მუშაობს, რომლებიც ადამიანისა და AI-ს მაღალეფექტურ თანამშრომლობაზეა ფოკუსირებული.
Abridge - $5,300,000,000
$5.3 მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეორე ადგილს “აბრიჯი” იკავებს. სტარტაპი სამედიცინო დოკუმენტაციის ავტომატიზაციაზე მუშაობს. მათი ტექნოლოგია ექიმსა და პაციენტს შორის საუბარს იწერს და გენერაციული AI-ს გამოყენებით, რეალურ დროში მას სტრუქტურულ სამედიცინო ჩანაწერად გარდაქმნის.
OpenEvidence - $3,500,000,000
$3.5-მილიარდიანი შეფასებით, მესამე ადგილზეა ასევე ამერიკული OpenEvidence - სპეციალიზებული საძიებო სისტემა და დამხმარე ასისტენტი სამედიცინო პერსონალისთვის.ზოგადი დანიშნულების ჩატბოტებისგან განსხვავებით, OpenEvidence პასუხებს მხოლოდ გადამოწმებულ, რეცენზირებულ სამედიცინო ლიტერატურაზე დაყრდნობით გასცემს, რაც ფაქტობრივ შეცდომებს გამორიცხავს.
Decart - $3,200,000,000
ამერიკულ-ისრაელური სტარტაპი Decart, რომელიც $3.2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის მოდელების ეფექტურობის გაზრდაზე მუშაობს, განსაკუთრებით ვიდეო გენერაციის კუთხით. 2022 წელს სტარტაპმა წამოიწყო პროექტი Oasis - ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პირველი ვიდეო თამაში, რომელიც რეალურ დროში იქმნება.
Baseten - $2,000,000,000
ხუთეულს $2 მილიარდიანი შეფასების მქონე Baseten ხურავს - AI ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ეხმარება, მარტივად დანერგონ, მართონ და გაზარდონ ღრუბლოვან სერვისებში თავიანთი AI მოდელების მასშტაბი, ტექნიკური სირთულეების გარეშე. სტარტაპი სან-ფრანცისკოშია ბაზირებული.
Field - $2,000,000,000
რობოტიკის ინდუსტრიის გამორჩეული სტარტაპი Field AI რობოტებისთვის “ტვინს” ავითარებს. სტარტაპის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა რობოტებს საშუალებას აძლევს, იმოძრაონ და შეასრულონ ამოცანები უცნობ გარემოში, GPS-ის ან წინასწარ ჩატვირთული რუკების გარეშე. Field კალიფორნიაშია ბაზირებული და მისი შეფასება $2 მილიარდი დოლარია.
Distyl - $1,800,000,000
$1.8 მილიარდის ღირებულების ამერიკული Distyl AI მსხვილ კორპორაციებს ბიზნესპროცესების სიღრმეებში გენერაციული AI-ს ინტეგრირებაში ეხმარება. განსხვავებით სტანდარტული „ჩატბოტებისგან“, “დისტილი” ბიზნესებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს ქმნის, რომლებიც უშუალოდ კომპანიის მონაცემებსა და სამუშაო პროცესებს ეფუძნება.
Neko Health - $1,800,000,000
რეიტინგში პირველი ევროპული კომპანია შვედეთში, სტოკჰოლმშია ბაზირებული და $1.8 მილიარდადაა შეფასებული. Neko Health Spotify-ს შემქმნელმა, დანიელ ეკმა დააფუძნა. სტარტაპის მიზანი პრევენციული მედიცინის რევოლუციაა. Neko Health-მა შექმნა სხეულის სკანირების მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც 70-ზე მეტი სენსორის დახმარებით, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მილიონობით მონაცემს მოკლე დროში აგროვებს და დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად AI ანალიზს იყენებს.
Lovable - $1,800,000,000
ასევე $1.8 მილიარდიანი შეფასებით, ასევე შვედური კომპანია Lovable წლის ყველაზე ძვირად ღირებულ “იუნიქორნებში” მეცხრე ადგილს იკავებს. Lovable ე.წ. „Vibe Coding“-ის მიმართულების ლიდერია. სტარტაპი ქმნის ხელსაწყოს, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს სრულყოფილი ვებ-აპლიკაციებისა და პროგრამების შექმნა მხოლოდ ბუნებრივი ენით, კოდირების ცოდნის გარეშე შეუძლიათ.
Modular AI - $1,600,000,000
ათეულს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაზირებული Modular AI ხურავს, $1.6 მილიარდიანი შეფასებით. სტარტაპის მიზანია, გამოსწოროს AI ინდუსტრიის ფრაგმენტაცია და დეველოპერებისთვის ერთიანი, მაღალეფექტური გარემო შექმნას. Modular AI მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომლითაც ხელოვნური ინტელექტის მოდელები ყველა ტიპის ჩიპზე თანაბრად სწრაფად იმუშავებენ.
2025 წელს მსოფლიოში 1300-ზე მეტი “იუნიქორნ სტარტაპი” ფუნქციონირებს. მათი რეიტინგიც აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმატებული კომპანიებისთვის კვლავაც მთავარ მიზიდულობის ცენტრად რჩება.ვენჩურული კაპიტალის გამართული ეკოსისტემა, უზარმაზარი სამომხმარებლო ბაზარი და კულტურა, რომელიც ინოვაციებსა და რისკზე წასვლას აქტიურად ახალისებს, მცირე ჩამონათვალია იმ უპირატესობებისა, რომლებსაც სტარტაპერები “თავისუფლების მიწაზე” ეძებენ.




























