მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Top-10 ყველაზე გულუხვი ამერიკელი მილიარდერი

620128aff1f5e
მარიამ ადამია
08.02.22 00:34
1464

ამერიკული Forbes, ყველაზე გულუხვი ამერიკელი მილიარდერების განახლებულ სიას აქვეყნებს, რომლის სათავეში უორენ ბაფეტი, ანუ ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი დგას, რომელმაც 2021 წელს 4,1 მილიარდი დოლარი გამოყო ქველმოქმედებისთვის. ამ თანხის ერთი ნაწილი, COVID-საწინააღმდეგო ვაქცინების კვლევა-განვითარებას მოხმარდა. ხოლო მეორე - გადაეცა ბაფეტის გარდაცვლილი მეუღლისა და სამი შვილის მიერ დაარსებულ ფონდებს. ასევე თანხა, მეგობრებს, ბილ და მელინდა გეითსებს გადაურიცხა, რომლებმაც შემოწირულება სიღარიბის დაძლევას, ჯანდაცვასა და განათლებას მოახმარეს.

თავის მხრივ, ბილ და მელინდა გეითსებიც უდიდეს ქველმოქმედებად ითვლებიან და მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 27-წლიანი ქორწინების შემდეგ, გასულ წელს განქორწინდა, ისინი მაინც რჩებიან ფონდის თავმჯდომარეებად.

სამეულშია ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ეკონომიკური თანასწორობა, ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაცია, სასამართლო რეფორმა, დემოკრატია და მედია. ჯორჯ სოროსს, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ჯამში 18,1 მილიარდი დოლარი, სწორედ ქველმოქმედების მიზნით აქვს გაცემული.


Forbes-ის მიხედვით, მას მაიკლ ბლუმბერგი მოსდევს. ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა და Bloomberg-ის თანადამფუძნებელმა, წლის განმავლობაში ქველმოქმედებას, 12 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა, ძირითადი სფეროები კი, კლიმატის ცვლილება, იარაღის კონტროლი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობაა. გასული ათწლეულის განმავლობაში მან ჯამში მილიარდ დოლარზე მეტი თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად გამოყო, ხოლო 2018 წელს გამოაცხადა, რომ 1,8 მილიარდ დოლარს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტს გადაურიცხავდა. 2020 წელს კი 100 მილიონი დოლარი ოთხ სამედიცინო სკოლას შესწირა. ჯამურად, მას ქველმოქმედებაზე 12,7 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.

რეიტინგში ბლუმბერგს სულ ცოტათი ჩამორჩება ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტი, რომელმაც ჯერ კიდევ 2020 წელს, 5,8 მილიარდი დოლარი 500 სხვადასხვა ასოციაციას გადაურიცხა აშშ-ის მასშტაბით. ხოლო 2021 წელს თავისი სიმდიდრის განაწილება, სხვა მილიარდერებზე აქტიურად განაგრძო. შედეგად, სკოტმა 2,7 მილიარდი დოლარი Children’s Defense Fund-ისა და ასევე არაკომერციული ორგანიზაციების ეროვნული საბჭოსთვის გამოყო. მისი თქმით, მიმდინარე წელს გამოქვეყნდება დათვლილი ანგარიში, თუ რას მოხმარდა მისი შემოწირულებები. სხვათა შორის წელს სიაში მაკკენზი სკოტის ყოფილი ქმარი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსიც მოხვდა - მე-16 ადგილზე.

ათეულში მეექვსე პოზიციას ჩაკ ფინი იკავებს. ყოფილი მილიარდერი, რომელმაც მთელი ქონება ქველმოქმედებაში ჩადო. ფინიმ, 1960 წელს საცალო მაღაზიების ქსელი Duty Free Shoppers დააარსა და პარალელურად საკუთარი ქონების ანონიმურად გაცემა დაიწყო მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მოგვიანებით მან მსოფლიოს გააცნო თავისი იდეა "Give in Life", რომელმაც შთააგონა გეითსი და ბაფეტი, საკუთარი ფონდი დაეარსებინათ. 2020 წლის სექტემბერში კი ფინიმ, მეუღლესთან ერთად ბოლო აქტივები გასცა.

Intel-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა კი, მეუღლესთან ერთად 2000 წელს საკუთარი ფონდი შექმნა, რომელსაც Intel-ის აქციების ნაწილი გადაეცა. 2021 წლის სექტემბერში ფონდი რვა სხვა ორგანიზაციას შეუერთდა, რათა ათი წლის განმავლობაში 5 მილიარდი დოლარი შესწირონ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას. 2021 წელს გორდონ და ბეტი მურის ფონდმა დაახლოებით 350 მილიონი დოლარის გრანტები გასცა და ამ მაჩვენებლით რეიტინგში მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

ხოლო ბოლო სამ პოზიციას ჯიმ და მერილინ საიმონესები, ფილ ნაიტი და მისი ოჯახი და ასევე მარკ ცუკერბერგი ინაწილებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები