სამშენებლო კომპანია „არსის“ დირექტორი თორნიკე აბულაძე უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზებს განმარტავს.
როგორც აბულაძემ დედაქალაქის მაგალითზე BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული მიმართულებებით FDI-ის შემცირება სამშენებლო ნებართვების გაცემისას არსებულმა სირთულეებმა გამოიწვია.
„სავარაუდოდ, მესამე კვარტალში კიდევ გვექნება შემცირება. ამის მიზეზი ისაა, რომ გარკვეულწილად გართულდა სამშენებლო ნებართვების მოპოვება, შესაბამისად ამან გამოიწვია ის, რომ არ არსებობს ნებართვა ინვესტიციის განხორციელებისთვის. რადიკალიზმი სწორი არაა, რადგან ამით ეკონომიკას ვაჩერებთ და არ შეიძლება, რომ ყველაფერი ერთ ქვაბში მოვხარშოთ და არაფრის ნებართვა გავცეთ. მგონია, რომ ესენი უნდა დალაგდეს. ვიცი, რომ არქიტექტურის სამსახურში გარკვეული რეფორმები უკვე დაწყებულია. ყოველ შემთხვევაში პასუხები დროული მოდის. ახლა უკვე ხარისხის კომპოენტზე მიდის მუშაობა, რომ ეს პასუხები ხარისხიანი იყოს“, - განაცხადა აბულაძემ და დასძინა, რომ „დღეს სამშენებლო სექტრში გარკვეული პრობლემები აქვთ - ანუ ფული აქვთ, მაგრამ ინვესტიციას ვერ ახორციელებენ“.
მისივე განმარტებით, სამშენებლო სექტორში საინვესტიციო აქტივობის კლება საქმიანობის სხვა სფეროებსაც შეეხება.
„პრობლემა იმაში მდგომაროებს, რომ დღეს ეს ჩვენ შეგვეხო, ხვალ კი სარემონტო კომპანიებს, შემდეგ ტექნიკისა და ავეჯის შემომტან კომპანიებს შეეხება - ანუ მთელი ეს ციკლი თუ ამოვარდა, გარკვეული პრობლემების წინაშე დავდგებით“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში მშენებლობაში 29.1 მლნ აშშ დოლარის მოცულობის FDI განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (66.8 მლნ აშშ დოლარი) დაახლოებით 56%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ამ სექტორმა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 34.3 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებზე (44.9 მლნ აშშ დოლარი) თითქმის 24%-ით ნაკლებია.

























