"კომპრომისებს ვერ დავუშვებთ", - აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ "საქმიანი დილის" ეთერში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, პარკსა და სკვერში ელექტროტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ელექტრომობილების მფლობელებს 10-მდე ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზეს, თუმცა პოზიციების შეჯერება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"მე ძალიან განვიცდი იმ ადამიანების და იმ ადამიანების უკან მდგომი ოჯახების ბედს, რომლებზეც ამ გადაწყვეტილებამ გარკვეული ზეგავლენა იქონია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბულვარში უსაფრთხოება იყოს დაცული. ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე მომატებული საფრთხიდან გამომდინარე, კომპრომისებს ვერ დავუშვებთ.
მქონდა შეხვედრა ამ ჯგუფთან, თუმცა დღეის მდგომარეობით მაინც განსხვავებულ პოზიციებზე ვრჩებით. შეთავაზებული იქნა კონკრეტული ლოკაციები, სადაც ისინი შეძლებდნენ საქმიანობის გაგრძელებას. საუბარია 10-მდე ლოკაციაზე, დავპირდით, რომ ინფრასტრუქტურულად მოვაწყობდით ისე, რომ მათ შეეძლებოდათ საქმიანობის განხორციელება, ასევე მოინიშნებოდა ეს ლოკაციები და შესაძლებელი იქნებოდა ჩამოსული სტუმრებისთვის ამის შეთავაზება.
ბულვარი რეკრეაციული ზონაა და ნებისმიერი საფრთხის შემცველი მოძრაობები კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, საკრებულოს გადაწყვეტილება იყო სწორი. 51 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული კონკრეტულ ავარიებთან დაკავშირებით, რომლებიც სწორედ ეს ელექტრომობილები მონაწილეობდნენ", - განაცხადა რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკსა და სკვერში ელექტროტრანსპორტით გადაადგილება 1 მაისიდან იკრძალება. ახალი რეგულაცია ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

























