აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფიქრობს, რომ ქობულეთში მულტიფუნქციური „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა ტურსიტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას შეუწყობს ხელს.
საუბარია, 500 მლნ ლარის ღირებულების „მწვანე ქალაქის“ პროექტზე, რომლის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
რიჟვაძე განმარტავს, რომ აქცენტი მაღალბიუჯეტიან ტურისტებზე გაკეთდება, რაც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებით გავლენას იქონიებს.
„უმსხვილესი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ქვეყნისთვის და განსაკუთრებით აჭარის რეგიონის განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი „დრაივერი.“ დარწმუნებული ვარ, რომ „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა ქობულეთში მაღალბიუჯეტიან ტურისტებს მოიზიდავს და ადგილზე შექმნის მეტ შესაძლებლობას როგორც - დასაქმების, ასევე შემოსავლების კუთხით.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება თანაბრად გავავრცელოთ ყველა მუნიციპალიტეტში, ბათუმი უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ქობულეთი იყო პირველი. ამის შემდეგ უკვე გადავა აქცენტი მაღალმთიან რეგიონებზე. ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა, რომ შემოდინება იყოს დივერსიფიცირებული. სტრატეგიულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ქვეყანასთან. ამავე დროს გვინდა, რომ ოთხ სეზონიანი გახდეს აჭარა და მათ შორის იყოს ქობულეთიც“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

























