აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით საგარეჯოში მოხდა. ადგილზე შსს-ს სამსახურები არიან მობილიზებულები. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.
"2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და შემთხვევაც იქ მოხდა. ალექსი ახვლედიანი ამჟამად საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავთ. თორნიკე რიჟვაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ამჟამად მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. მედიის ინფორმაციითვე, საგარეჯოში იმყოფებოდა შს მინისტრი გეკა გელაძეც.
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
სსკ-ის 238-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, გლუვლულიანი სანადირო თოფის) დაუდევრად შენახვას ითვალისწინებს, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თანამდებობიდან 2025 წლის აპრილში გადადგა. მან ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. ის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. მან პოსტში ბიძინა ივანიშვილს და "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ჯარისკაცად რჩება.
სამუშაო გამოცდილება:
2018 წლის ივლისიდან დღემდე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
12.2017 - 07.2018 - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი
24.07.2017 - 15.12.2017 – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
2013-2017 - შპს აჭარისწყალი ჯორჯია (TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო),იურიდიული დირექტორი (2015-2017), იურიდიული მრჩეველი (2013-2015)
2014-2016 - აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭო , მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში
2011-2012 - სს “ოუფენ რევოლუშენ ჯორჯია”, აჭარის რეგიონალური მენეჯერი2010-2011 - გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბიზნეს კონსულტანტი/დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი
განათლება:
2017 - ფლორენციის რეგულირების სკოლა - ენერგო სექტორის რეგულირება
2012-2013 - სიტის უნივერსიტეტი, ლონდონი (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტი) სამართლის მაგისტრი LLM- საერთაშორისო ბიზნეს სამართალი. დისერტაცია: "Project finance: Does it really eliminate agency problems or promote opportunistic behavior? The Case of Eurotunnel”
2012- ლიჰაის უნივესტიტეტი, პენსილვანია, აშშ ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი - The Global Village for Future Leaders of Business and Industry; Exclusive Leadership Program
2011- 2014 ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბიზნესის მაგისტრი საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით
2007-2011 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -სამართლის ბაკალავრი.
2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე, პეპპერდინის უნივერსიტეტი, მალიბუ, კალიფორნია
2006-2007- პასო რობლეს საშუალო სკოლის დიპლომი, კალიფორნია, აშშ. (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) სტიპენდიანტი)




























