აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” დელეგატები წარადგინა.
"როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის ავტონომიური უმაღლესის საბჭოს არჩევნები. მსურს წარმოგიდგინოთ დელეგატები „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან როგორც წამყვან პოზიციებზე უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტების მიზნით, ასევე ისინი გაუძღვებიან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას.
ბათუმიდან ჩვენი დელეგატი იქნება რამაზ ჯინჭარაძე, რომელსაც განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელება უკავშირდება, როგორც ბათუმში ისე აჭარაში;
ქობულეთიდან ჩვენი დელეგატი იქნება მოქმედი მაჟორიტარი, ცოტნე ანანიძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე;
ხელვაჩაურში დელეგატი იქნება მინდია დიასამიძე, საკრებულოს პირველი მოადგილე, რომელმაც ძალიან კარგად იცის ხელვაჩაურის საჭიროებები და არსებული გამოწვევები;
ქედაში ჩვენი დელეგატი იქნება მამუკა თურმანიძე. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოადგილე, მანამდე ის გახლდათ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
შუახევში დელეგატი იქნება ფრიდონ ფუტკარაძე. მოქმედი მაჟორიტარი და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში;
ხულოში დელეგატი იქნება ვახტანგ ბერიძე, მოქმედი მერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ხულოს წინაშე არსებული გამოწვევები და ის ნამდვილად გახლავთ ამ მუნიციპალიტეტის ძალიან დიდი საყრდენი.
ძირითადი კრიტერიუმები, რითაც შეირჩა ეს ხალხი და რაც გახლდათ წარდგენის საფუძველი არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, ქვეყნის და ხალხის სიყვარული. დარწმუნებული ვარ მათ წარმატებაში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.