მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე შენგელია “ბარსელონას” კალათბურთელია

შენგელია ბარსელონა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კატალონიური “ბარსელონას” წევრი გახდა. ინფორმაცია ესპანურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა. 33 წლის ქართველ ფორვარდთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ამდენად, თორნიკე შენგელია “ბლაუგრანას” ღირსებას 2028 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

"მიუხედავად იმისა, რომ უკვე 33 წლისაა, შენგელია სეზონიდან სეზონამდე ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ რჩება. გასულ სეზონში მან უდიდესი როლი ითამაშა იტალიის ჩემპიონატში “ვირტუს ბოლონიას” გაჩემპიონებაში, ევროლიგის 28 მატჩში კი საშუალოდ 15.6 ქულა, 5.0 მოხსნა და 2.7 პასი ჰქონდა", - წერია ბარსელონას ოფიციალურ ვებგვერდზე, თუმცა ტრანსფერის ღირებულება დაკონკრეტებული არ არის.

შენგელია უკვე ბარსელონაშია და კლუბის პრესსამსახურმა შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა მრავლისმეტყველი სათაურით: "ახალი კერპი უკვე დარბაზშია".

თორნიკე შენგელია რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება, ბარსასთან ერთად მზადებას კი ევრობასკეტის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები