“ვირტუს ბოლონიამ”, რომელმაც ევროლიგის პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა და ამასთან იტალიის თასის ფინალიც დათმო, ქართველი ფორვარდის თორნიკე შენგელიას ტრანსფერის თაობაზე წინადადება მიიღო. 33 წლის კალათბურთელის ტრანსფერით ათენის “პანათინაიკოსი” და მადრიდის “რეალი” ინტერესდებიან, რომლებიც ერთმანეთს ევროლიგის ფინალში შეხვდნენ, საიდანაც გამარჯვებული ბერძნები გამოვიდნენ.
“პანათინაიკოსის” მწვრთნელი თურქი ერგინ ატამანია, რომელსაც შენგელიას ტრანსფერი გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა შარშან “ვირტუსმა” თორნიკეს კლუბის გამოცვლას ვეტო დაადო.
შენგელია ბოლონიელების რიგებში 2022 წლის გაზაფხულიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულში ეწურება. ამის მიუხედავად შეთანხმებაში ხელშეკრულების გახანგრძლივების პუნქტიცაა გათვალისწინებული, რომლის თანახმადაც ქართველმა ფორვარდმა წელიწადში 2 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, რაც იტალიური კლუბისთვის დიდი თანხაა.
2023-24 წლების სეზონში თორნიკე შენგელიას იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ 13.6 ქულა, 4.9 მოხსნა და 3.1 პასი ჰქონდა, ევროლიგაში კი – 14.5 ქულა, 5.0 მოხსნა და 3.3 პასი. ბოლონიაში გადასვლის შემდეგ მან ევროთასი (2021-22) და იტალიის სუპერთასი (2022, 2023) მოიგო.