“ვირტუს ბოლონიას” ფორვარდი და საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” რიგებში იასპარეზებს. ამის შესახებ სხვადასხვა გავლენიანი ესპანური გამოცემა, მათ შორის Mundo Deportivo წერს. მათი ინფორმაციით ქართველმა კატალონიელებთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ვინაიდან ბოლონიურ კლუბთან სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება, ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
მათივე ინფორმაციით შენგელია 2+1 ტიპის ხელშეკრულებას გააფორმებს და წლიურად დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებს.
“ბლაუგრანა“ დიდი ხანია, აკვირდება შენგელიას და ახლოს იყო მის შეძენასთან გასული წლის ზაფხულშიც, თუმცა ქართველი „ვირტუსს“ უფასოდ ვერ დატოვებდა, კატალონიურ კლუბს კი ტრანსფერისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა სამედიცინო შემოწმება ერთი თვის წინ გაიარა. „ბარსელონაში“ მან ნიგერიელი ჩიმეზიე მეტუ უნდა ჩაანაცვლოს, რომელმაც მარტში მძიმე ტრავმა მიიღო და სულ მცირე 9 თვე ვერ ითამაშებს“ - წერს Mundo Deportivo.
მადრიდული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, თორნიკეს გადაბირებით “რეალიც” იყო დაინტერესებული, თუმცა შეთავაზებამ ქართველის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც კატალონიელების წინადადებას დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას “ვალენსიაში”, “შარლერუაში” და “პეპინსტერში” უთამაშია. 2012 წლის დრაფტის 54-ე ნომრად ის “ფილადელფიამ” აირჩია და მაშინვე “ბრუკლინ ნეტსს” გაუცვალა. ბრუკლინის გარდა მან NBA-ში “ჩიკაგო ბულსში” ითამაშა, ხოლო 2014 წელს ევროპაში დაბრუნდა და “ბასკონიას” კალათბურთელი გახდა, სადაც 2020 წლამდე ასპარეზობდა. შემდეგ იყო “ცსკა”, საიდანაც თოკო 2022 წელს უკრაინის ომის დაწყებისთანავე წავიდა და მას შემდეგ ვირტუსში ასპარეზობს.