იტალიური საკალათბურთო გრანდი “ვირტუს ბოლონია” იყიდება და მისი შეძენით ისრაელელი ინვესტორთა ჯგუფია დაინტერესებული, რომელთაც იერუსალიმის “ჰაპოელის” ყოფილი მეპატრონე, ელიაემ ჰომსკიმი ხელმძღვანელობს. გამოცემა Basketnews იუწყება, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპამდეა მისული და ახალი სეზონის დაწყებამდე ყველა დეტალი უნდა მოგვარდეს.
გასულ წელს ბოლონიელების ხელმძღვანელ რგოლში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა - მასიმო ძანეტიმ, რომელიც ამჟამადაც საკონტროლო პაკეტის მფლობელია, აქციების 55% დაიტოვა და 45 კარლო გერარდის მიჰყიდა, რის შემდეგაც “ვირტუსს” სწორედ მათი დუეტი მართავს.
ძანეტი კომპანია “სეგაფრედოს” დამფუძნებელია, რომელიც “ვირტუსის” სახელწოდებასთან არის მიბმული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ორი სეზონია გუნდი იტალიის ჩემპიონატის ოქროს მედლების გარეშე რჩება და ვერც ევროლიგაში შედეგიანი ასპარეზობით ვეღარ გამოირჩევა, მომდევნო სეზონში ამ კომპანიის დივიდენდები ორჯერ შემცირდება.
ისრაელელი ბიზნესმენების მისვლის შემთხვევაში ბუნებრივია ძირითადი ამოცანა წამყვანი მოთამაშეების, მათ შორის კი უპირველესად თორნიკე შენგელიას შენარჩუნება იქნება, რაც რეალურად გამოიყურება. ამას გარდა გუნდმა უკვე გაიფორმა „ანადოლუ ეფესიდან“ უილ კლაიბერნი, ლატვიელი ანდრეი გრაჟულისი და 26 წლის მცველი მეტ მორგანი. მათ გარდა, ასევე იგეგმება ორ იტალიელ კალათბურთელთან, ნიკოლო აკელესთან და რიკარდო ვისკონტისთან კონტრაქტების გაფორმება.