მძარცველებმა ტოსკანაში მდებარე მარნიდან დაახლოებით 5.8 მილიონი დოლარის ღირებულების 30 000 ბოთლი ელიტური იტალიური ღვინო მოიპარეს - მწარმოებელმა მომხდარს ქვეყნის ისტორიაში ღვინის ყველაზე მასშტაბური ქურდობა უწოდა.
თავდასხმა კომპანია "Marchesi Antinori"-ს საწარმოზე მოხდა, რომელიც არეცოს პროვინციაში, ქალაქ კორტონას მახლობლად მდებარეობს. სულ მცირე შვიდი მძარცველისგან შემდგარმა ჯგუფმა შაბათს ღამით მარნიდან იტალიის ყველაზე მოთხოვნადი ღვინოები გაიტანა.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რენცო კოტარელამ განაცხადა, რომ დამნაშავეებმა მარნის სიგნალიზაცია და სათვალთვალო კამერები გათიშეს, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ორი დიდი სატვირთო მანქანით შევიდნენ. მათ თავად კომპანიის სატვირთელები გამოიყენეს, მანქანები ყუთებით დატვირთეს და ღამითვე მიიმალნენ.
"ეს ნამდვილად ძალიან კარგად მომზადებული ბანდაა. ამ მასშტაბისა და ღირებულების ქურდობა იტალიაში აქამდე არასდროს მომხდარა", - აღნიშნა კოტარელამ და დასძინა, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს იმავე დაჯგუფებასთან, რომელმაც ბოლო თვეებში სხვა იტალიური მარნები გაძარცვა.
გამოცემა "Wine Spectator"-ის ცნობით, ივლისში ცნობილი იტალიელი მწარმოებლის, "Castello Banfi"-ს მარნიდან 3 300 ბოთლი მოიპარეს.
აღსანიშნავია, რომ კოტარელამ "ღვინის ოსტატების ინსტიტუტისგან" (Institute of Masters of Wine) 2026 წლის მეღვინეთა ჯილდო მიიღო, თავად მარანი კი იტალიის ყველაზე განთქმული ვინტაჟური ღვინოების წარმოებით არის ცნობილი.
მძარცველებმა ისეთი პრესტიჟული ღვინოები გაიტაცეს, როგორებიცაა "Solaia", "Tignanello" და "Guado al Tasso". ქურდობის ფაქტი ორშაბათს აღმოაჩინეს, თუმცა კომპანიამ ინფორმაცია საჯაროდ პარასკევს გაავრცელა, რათა გამოძიებისთვის ხელი არ შეეშალა.
მოპარული ბოთლები 2023 წლის მოსავლისაა და მათი საცალო ფასი თითო ბოთლზე 150-დან 500 ევრომდე მერყეობს. გატაცებულ პარტიაში შედიოდა "Antinori"-ს ერთ-ერთი ფლაგმანი ღვინის, "Solaia"-ს დაახლოებით 10 000 ბოთლი.
კომპანია, რომელიც 1385 წელს დაარსდა და რომელსაც ანტინორის ოჯახი უკვე 26 თაობაა მართავს, აფრთხილებს მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში, თავი შეიკავონ საეჭვო შეთავაზებებისგან ოფიციალური სადისტრიბუციო არხების მიღმა.
"ჩვენ ვაფრთხილებთ კლიენტებს მთელ მსოფლიოში და მოვუწოდებთ მათ, ყურადღება მიაქციონ ნებისმიერ შეთავაზებას ოფიციალური არხების მიღმა", - განაცხადა კოტარელამ.
სამართალდამცველები იძიებენ, თუ სად და როგორ შეიძლება მოპარული ღვინის რეალიზაცია მოხდეს. პოლიცია და კარაბინიერები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებსა და სხვა სამხილებს სწავლობენ. კოტარელამ იმედი გამოთქვა, რომ გამომძიებლები ტვირთის კვალს მიაგნებენ, რადგან ღვინით დატვირთული ორი დიდი სატვირთო მანქანის შეუმჩნევლად გადაადგილება საკმაოდ რთულია.
ეს დანაშაული მასშტაბით ბევრად აღემატება იტალიაში მანამდე მომხდარ გახმაურებულ ძარცვებს. მაგალითად, 2017 წელს ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქ ჩერვიას მახლობლად მდებარე საწყობიდან მძარცველებმა 750 000 ევროს ღირებულების 2 000 ბოთლი იშვიათი ღვინო მოიპარეს.
























