ფრანგულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა TotalEnergies-მა და საამიროების განახლებადი ენერგიის კომპანია Masdar-მა აზიის ცხრა ქვეყანაში თავიანთი აქტივების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ერთობლივ პროექტში ორივე კომპანიას თანაბარი, 50-50%-იანი წილი ექნება.
როგორც ირკვევა, ახალი კომპანიის სათავო ოფისი აბუ-დაბიში განთავსდება და ის ჯამურად $2.2 მილიარდის აქტივებს მოუყრის თავს. საუბარია 3 გიგავატის სიმძლავრის სადგურებზე, რომელთა ოპერირებასაც ეს კომპანია უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მას რამდენიმე თვეში 6 გიგავატის სიმძლავრის ახალი ობიექტებიც დაემატება, რაც საერთო წამოწყებას განვითარების ახალ ფაზაში გადაიყვანს.
როგორც ირკვევა, აღნიშნული სტრატეგიული ალიანსი ფოკუსირებული იქნება მზისა და ქარის ენერგიის შემნახველი სისტემების აგებასა და ოპერირებაზე. არსებული ინფორმაციით, TotalEnergies-ისა და Masdar-ის კომპანიასთან თანამშრომლობის ინტერესი უკვე გამოთქვეს აზერბაიჯანმა, ინდონეზიამ, იაპონიამ, ყაზახეთმა, მალაიზიამ, ფილიპინებმა, სინგაპურმა, სამხრეთ კორეამ და უზბეკეთმა.
Masdar-ის თავმჯდომარემ, სულთან ალ ჯაბერმა ალიანსის ჩამოყალიბება მნიშვნელოვან, წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ევროპული და ახლო აღმოსავლური თანამშრომლობის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითად იქცევა. ალ ჯაბერის თქმით, კომპანია ფოკუსირებული იქნება აზიის ბაზარზე, რადგან, მისი შეფასებით, მომდევნო ათწლეულში გლობალური ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ეს ზონა იქნება.




























