კომპანია „ბილაინი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ბილაინი“ ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას და მისი 1.3 მილიონამდე მომხმარებლის მომსხურებას, მის 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად.
2018 წელი კომპანიამ წარმატებით დაასრულა და განახორციელა 21 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში და უფრო დიდ ინვესტიციას განახორციელებს 2019 წელს.
„ბილაინი“ დიდი ჯგუფის ნაწილია და როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა - ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კონკურენცია შესუსტდა, რამაც რისკი გააჩინა, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ, რასაც კომუნიკაციების კომისია არ დაუშვებს.
ბექაურის განცხადებით, „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა".
„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში დასუსტდა კონკურენცია, იცით რომ “თელია სონერა” გავიდა ბაზრიდან, ამის მერე “სილქნეტმა” შეისყიდა “ჯეოსელი”, მანამდე კი 2 წლის განმავლობაში, როცა “თელია სონერა” გასვლას აპირებდა, არ აკეთებდა ინვესტიციას და არ ზრუნავდა ქსელის გაძლიერებაზე, რამაც თავისი დაღი დაატყო კომპანიას და დასუსტდა “ჯეოსელი”. ასევე დღეს შემიძლია ღიად ვთქვა, რომ “ბილაინს” არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800-იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა. ამ ფაქტებმა დაასუსტა ბაზარზე კონკურენცია. ამიტომ ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ამიტომაც აუცილებელია რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, - აცხადებს კახა ბექაური.

























